
სააკაშვილის ექიმი: "უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ, ხვალ გაუკეთდება ტესტები, რაზეც დაგვთანხმდა"
02/11/2021 19:20:36 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება
ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ცოტა უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ.
მისი თქმით, სააკაშვილი ანალიზების გაკეთებაზე თავიდან თანახმა არ ყოფილა, მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალა.
"დღეს ცოტათი უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ გაუკეთდება ტესტები. თავიდან უარზე იყო, მაგრამ შემდეგ დათანხმდა. წნევის თამაში იყო ცოტა, პულსი იყო სხვადასხვა დღის განმავლობაში. მე მოვითხოვ ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ კონსილიუმი გადაწყვეტს. ციხის ექიმებთან ერთად ძალიან ვთხოვეთ პრეზიდენტს, რომ თუ შეიძლება, კიდევ ერთი ტესტი გავაკეთოთ, იმიტომ, რომ არ მოგვწონს მდგომარეობა, რაზეც დათანხმდა. ტესტების გაკეთება უკვე ძალიან კარგია ჩვენთვის", - განაცხადა ყიფშიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.