
მსოფლიო კოლუმბიური კოკაინის ახალმა ტალღამ დაფარა
04/11/2021 07:45:53 სამართალი
ლათინური ამერიკის ქვეყნებში, უმთავრესად კოლუმბიაში წარმოებულმა კოკაინმა COVID-19-ის პანდემიის 1,5 წლის განმავლობაში ისე მძლავრად გადაავსო დასავლეთის ქვეყნები, აშშ-დან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპამდე, ასევე რუსეთიც, როგორც არასდროს.
კოლუმბიაში ნარკოტიკების უკანონო წარმოება კვლავ ზენიტშია და ბოლო 30-40 წლის მაჩვენებლებს დაუბრუნდა. და ეს - კოლუმბიის მთავრობის მთელი ძალისხმევისა და პარტიზანებთან არაერთი სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, რომლებმაც ქვეყანაში მრავალწლიანი სამოქალაქო ომი თითქოსდა დაასრულა.
მარტო ბოლო 10 წლის განმავლობაში ლათინური ამერიკის "კოკაინურ ომებში" გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე მთელს კონტინენტზე XX საუკუნისა და XXI საუკუნის დასაწყისის განმავლობაში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტებში. ბანდიტებთან მთავრობების და თავად ბანდიტებს შორის ეს ომები ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს, მაგრამ "ბოროტების ეპიცენტრად" კვლავინდებურად ითვლება კოლუმბია, რომელიც როგორც "კოკას" ფოთლების, ისე მათი ქიმიური დამუშავების გზით მიღებული კოკაინის წარმოების მოცულობების კუთხით მსოფლიოს უმსხვილეს "ლაბორატორიად" რჩება.
კოკაინი გაერო-ს მიერ მსოფლიოში არსებულ განსაკუთრებით სახიფათო ნარკოტიკებს შორის ჰეროინის შემდეგ მეორედ არის აღიარებული. მისი მოხმარების მასობრივობა მთელი მსოფლიოსთვის სერიოზულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემად იქცა.
გაერო-ს ნარკოტიკებისა და ნარკოდანაშაულის მართვის სამმართველოს ბოლო მონაცემებით, კოლუმბიაზე სადღეისოდ კოკაინური ბუჩქების მთელი მსოფლიო ნარგავების ნახევარზე მეტი მოდის და ქვეყანაში მთელი კოკაინის 70 პროცენტი იწარმოება.
აშშ-ში "კოკაინის ბაზრის" მოცულობები უკვე მინიმუმ, 70 მლრდ დოლარს აღწევს. გასული წლის მონაცემებით, 12 წელს გადაცილებულ 46 მილიონ ამერიკელს კოკაინი ერთხელ მაინც აქვს გასინჯული. რეგულარულად იზრდება მისი მოხმარება რუსეთსა და ევროპაშიც. EMCDDA-ს უკანასკნელი კვლევის მონაცემებით, ევროკავშირში ყოველწლიურად დაახლოებით 100 ტონა კოკაინს მოიხმარენ, ეს კი მთელი მსოფლიო მოხმარების მინიმუმ, 50%-ს შეადგენს.