“კვალიფიკაცია და რეპუტაცია განმსაზღვრელი იქნება“ – ინტერვიუ წალენჯიხის ახლად არჩეულ მერთან

05-11-2021 22:52:39 პოლიტიკა ,ინტერვიუ

მას შემდეგ, რაც წალენჯიხაში მერის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა, რიგი ორგანიზაციებისა და ბიზნესმენების მხრიდან გამოითქვა რაიონში ოფისების გახსნისა და ბიზნესის გადატანის მზაობა, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით საინტერესო ინფორმაცია უნდა იყოს ადგილობრივებისათვის. ეს კი მნიშვნელოვანი ასპექტია იმ ფონზეც, რომ მუდმივი წუხილია რეგიონებიდან მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის გადინების თაობაზე, თუმცა რეალურია კი შექმნილი მოლოდინი? რა სიახლეებს მიიღებს რიგითი წალენჯიხელი? როგორი იქნება ახლად არჩეული მერის საკადრო პოლიტიკა? – ამ და სხვა საკითებზე „აქცენტი“ წალენჯიხის ახლად არჩეულ მერს გიორგი ხარჩილავას ესაუბრა.

– ვინაიდან არსებული მოცემულობით წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერის არჩევნებში წარმატების მიღწევა ოპოზიციის კანდიდატმა შეძლო, წალენჯიხა ცვლილებების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, რაც ალბათ, თქვენი პასუხისმგებლობის ტვირთს ზრდის. რა არის დღეს თქვენი მთავარი ამოცანა? კონკრეტულად რა საკითხებზე გეგმავთ ფოკუსირებას მას შემდეგ, რაც სამუშაო კაბინეტს დაიკავებთ და რა იქნება პირველი ნაბიჯები?

– უმთავრესია სტრუქტურების, კოალიციური ხელისუფლების ფორმირება და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა, კორუფციული გარემოსგან გამოთავისუფლება. კოალიციური მთავრობის პრინციპები იქნება ურთიერთკონტროლი, ანგარიშვალდებულება და მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობის სრულად გააზრება და მოქალაქის პროცესებში მონაწილეობა. სადღეისოდ სრული ცენტრალიზაციაა, ვერტიკალზე აგებული ხელისუფლებაა და ადამიანის როლი პოლიტიკურ მართვებში, გამორიცხულია. ჩვენ გვინდა, ადამიანი გადაწყვეტილების მიღების, პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში შემოვიყვანოთ. მაგალითად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის განსაზღვრაში ჩვენი მოქალაქე არ მონაწილეობს. მინდა, რომ პრიორიტეტების, რიგითობის განსაზღვრაში, ხედვებში, წინადადებების წამოწევაში და თვითმმართველობის დამკვიდრებაში მოქალაქე თანამონაწილედ ვაქციოთ.

კოალიციური მთავრობის ერთ–ერთი ინიციატორები სწორედ ჩვენ ვიყავით, მაგრამ საარჩევნო პროცესში დავინახეთ, რომ მოქალაქეების მოთხოვნასთან იყო თანხვედრაში დებატები, ურთიერთკონტროლი, რადგან სატენდერო სქემები, კორუფციული, ნეპოტისტური გარემო, სატენდერო ნეპოტიზმი (რომელიც ამ ცხრა წლის „ფილოსოფიაა“ პრობლემაა), რაც თვითმმართველობას აფერხებს.

ამდენად, პირველ შედეგებს ვხედავ არსებული ფინანსური რესურსის მიზანმიმართულად და თითოეული თეთრის ეფექტურად ხარჯვაში, რაც კორუფციის გამორიცხვის პირობებში პირველ ეფექტებს უკვე მოგვცემს. თავად კორუფციის გამორიცხვის მექანიზმზე კი უკვე ვისაუბრეთ. გარდა ამისა, წალენჯიხისთვის ახალი შესაძლებლობები გაიხსნა...

– ახალ შესაძლებლობებზე აუცილებლად ვისაუბრებთ, მანამდე კი მინდა, სხვა რამ გკითხოთ. ბრძანეთ, „მოქალაქე უნდა ჩავრთოთ, მათ შორის ბიუჯეტის განსაზღვრის ნაწილშიო“. ჩვენი მოქალაქეები სიღარიბის გამო უფრო, ასე ვთქვათ, სოციალიზმისკენ არიან მიდრეკილნი, ითხოვენ დახმარებას, რაც ცხადია შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში რესურსის გრძელვადიან, მაგრამ მნიშვნელოვანი პროექტებისკენ მიმართვას აფერხებს. როგორ უნდა მოხდეს მოქალაქეების პროცესში ჩართვა იმგვარად, რომ რაციონალიზმიც შენარჩუნდეს?

ვგულისხმობ პრიორიტეტების განსაზღვრის, პროექტების დამუშავების, ბიუჯეტის ფორმირების ნაწილს და მის დაყვანას პირველი რიგის ამოცანებამდე. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, იქ სოფლის პროგრამები და უამრავი პროექტებია, რომლებიც ინფრასტრუქტურის საკითხებს უკავშირდება და ყველაფერი გამჭვირვალედ უნდა მოხდეს, რადგან ბიუჯეტი არასდროსაა სამყოფი. მაგრამ ამ დიალოგის თანამონაწილე უნდა იყოს მოქალაქე. ამ პრობლემებს გამჭვირვალეობა ხსნის: მოქალაქე ჩახედულია დეტალებში და იცის, კონკრეტული პროექტი რას და რატომ მიემართება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი საკითხია, რომ თვითმმართველობა დღეს მხოლოდ კონსტიტუციაშია გაწერილი, თუმცა კანონებში არ აისახება. ჩვენ ძალიან ბევრი ინიციატივის ავტორები ვიქნებით. ვისაუბრებთ არა თეორიულად, არამედ პრაქტიკულ დონეზე, მტკიცებულებებით, როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში თვითმმართველობა, რომ შედეგი მოგვცეს. მაგალითად, გადასახადების მიმართულებით იქნება ინიციატივები, რომ ქონების გადასახადის არა მხოლოდ 1% რჩებოდეს მუნიციპალიტეტში. მაგალითად, ვთვლი, რომ საშემოსავლო გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა რჩებოდეს, რადგან ხალხი ადგილზეა დასაქმებული და იხდის საშემოსავლო გადასახადს. ნაწილი რომ დაბრუნდეს მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობა უფრო თავდაჯერებული იქნება. ანუ თუ რეალურ დეცენტრალიზაციაზე ვსაუბრობთ, მინდა, ამ კვალიფიკაციით ვესაუბრო პარლამენტს. მე კი ამის ინიციატორი ვიქნები როგორც პრაქტიკული განხორციელების, ისე საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირების თვალსაზრისით.

– ცნობილია, რომ წალენჯიხა უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა, თქვენც ბრძანეთ, დოტაციის პირობებში წალენჯიხის ბიუჯეტი უღიმღამოდ გამოიყურებოდა, თუმცა ახლა შესაძლებლობები გაიხსნაო. გადაჭარბებული მოლოდინები ხომ არ იქმნება, რადგან მოკლევადიან ეფექტზე ვსაუბრობთ..... კონკრეტულად რაზეა საუბარი? რა იქნება ახალი წალენჯიხელებისთვის?

პირველ ეფექტზე უკვე ვისაუბრეთ, რომ ბიუჯეტის ეფექტური განვითარება ნიშნავს ხარისხიანად შესრულებულ პროექტებს, მიზანმიმართულობას, კორუფციის გამორიცხვას. რაც შეეხება სიახლეებს, თქვენ სწორად ბრძანეთ – პერსპექტივები, ვადები და მოლოდინები, გულწრფელად რომ გითხრათ, წინასწარ ვერც კი ჩავიფიქრებდი იმ პერსპექტივებს, რაც ახლა გაიშალა. შემიძლია, ორი მაგალითი გითხრათ: ბერლინის კედელი – დასავლეთ ბერლინს ცივილიზებული სამყარო ჩაეჭიდა, ხოლო აღმოსავლეთ ბერლინი სტაგნაციაში დარჩა. ხატოვნად ვამბობ, მაგრამ სერიოზული ყურადღება წამოვიდა ემიგრანტებისგან, არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, დიდი ბიზნესიდან – ეს ახალი შესაძლებლობებია. მარკეტინგი და მიმზიდველობა არის რეკლამაში და ინფორმაციის გარღვევაში ხომ? წალენჯიხაში ადრე წარმოუდგენლად რომ მიგვაჩნდა იურიდიული მისამართების რეგისტრაცია, ეს ხომ მხოლოდ მისამართი არაა, ყურადღებაა, საინვესტიციო გარემო. სფეროების მიხედვით მიმდინარეობს კონსულტაციები. საუბარ მიდის 11 წინადადების განხილვაზე. ამ საღამოს ორი შეხვედრა მაქვს. ამას ჩვენ ინტენსიურად გამოვაქვეყნებთ. ფეხბურთის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ გაჟღერდა, ეს ხომ უკვე ერთი მიმართულებით გულისხმობს რაიონის წამოწევას: ხალხის დასაქმება, კვების ობიექტები, სასტუმრო...საუბარია საგანმანათლებლო სფეროზე, იგივე შემიძლია, გითხრათ, ჯანდაცვის მიმართულებით. ეს ყველაფერი დამუშავების ეტაპზეა და თითოეული მათგანი მნიშვნელოვანი სიახლეა წალენჯიხისთვის. ტურიზმზე ვესაუბრე ძალიან ცნობილ ადამიანებს. წალენჯიხას ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ტრანზიტული ტურისტი არ ჰყავს და ბალნეოლოგიური, ექსტრემალური, ფოტო, ისტორიული ტურიზმისთვის დანიშნულების ადგილი უნდა გახდეს. ეს კი ლამაზი სიტყვებით არ ხდება და კონკრეტულ სფეროებს უკავშირდება, რაზეც ვისაუბრეთ და მიმდინარეობს მსჯელობა. ამასთან ყურადღებაც მარკეტინგია. ჯამში ყველაფერი ამ შედეგმა [ხალხის არჩევანმა – რედ] განსაზღვრა, ხოლო სამყაროში ყველაფერი ღირებული თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებას შეუქმნია. რეპრესიული,ოლიგარქიული საზოგადოება მას ვერ ქმნის. ჩვენ კი იმ ადამიანების ყურადღებას ვიქცევთ, რომლებმაც შექმნეს და ისინი წალენჯიხაში შესაქმნელად მოდიან. ვმუშაობთ, რომ ეს ინტერესი მიემართოს წალენჯიხის მკვიდრების სწრაფ კეთილდღეობას.

– ბატონო გიორგი, თქვენი იდეების განხორციელებას სჭირდება საკრებულოს მხარდაჭერაც, სადაც კოალიციის საჭიროება დგას. მიმდინარეობს მოლაპარაკებები? მათ შეუძლიათ, თქვენი ბიუჯეტის პროექტი ჩააგდონ და მეტიც, საქმე იქამდე მივიდეს, რომ არჩევნების ხელახალი ჩატარება გახდეს საჭირო....

მოცემულობა ასეთია, რომ ჯამში ოპოზიციურმა განწყობამ გაიმარჯვა. კოალიცია ნიშნავს ოპოზიციური აზრის გამარჯვებას და კოალიციური კულტურით რაიონის მართვის გაგრძელებას. მე მოლაპარაკებებს ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ ვფიქრობ, ოპოზიციური აზრი აისახება საკრებულოს მუშაობაზეც. როდესაც წალენჯიხისთვის გაცილებით უკეთესი სურათი ისახება, პოლიტიკური ბრძოლის პლატფორმიდან გამოდის წალენჯიხის მომავალი კეთილდღეობისთვის ზრუნვა. ამ გამარჯვებით წალენჯიხამ გაიმარჯვა და ის უფრო დიდია, ვიდრე პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზი. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, მათ შორის მათ, ვინც ამ არჩევნებზე ხშირად პოზიციონირებდა ხელისუფლების მხრიდან, წალენჯიხის კეთილდღეობის გამო უფრო შორს გაიხედონ. არჩევნები დასრულდა, წალენჯიხის მოსახლეობამ ოპოზიციური აზრი გამოხატა და ეს უნდა იყოს ყველას მხრიდან პატივისცემის ორიენტირი და გზამკვლევი გადაწყვეტილებებში. პროცესში უკვე ჩნდება, ვინ როგორ უდგება რიგითი წალენჯიხელის არჩევანს.

– და ბოლოს საკადრო პოლიტიკაზე უნდა გკითხოთ. ეს ქართულ რეალობაში ერთ–ერთ მტკივნეულ საკითხად იქცა: სამწუხაროდ, ქვეყანაში ჩამოყალიბდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური გუნდის გამარჯვებას უწყებების დონეზე „საკადრო წმენდა“ მოჰყვება ხოლმე. და თუ ვსაუბრობთ არჩევნების კონტექსტში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, მათ შორის სამსახურის დაკარგვის შიშიც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თქვენ რა სახის საკადრო ცვლილებებს გეგმავთ?

ჩვენი მმართველობის მომავალი მოდელი იქნება კოალიციური (პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორი, უპარტიო ადამიანები) მთავრობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს გამოცდილებას უპატივცემულოდ მოვექცეთ. ჩვენ არ მოვიქცევით ისე, როგორც „ქართული ოცნება“ მოიქცა 2012 წელს და კოჰაბიტაცია ლამის სალანძღავ სიტყვად აქცია (კოჰაბიტაცია არის გარდამავალ ეპოქაში ხელისუფლების გადაცემის კულტურა და გრძელვადიანი მემკვიდრეობითობის, თანამშრომლობის მოდელი). ეს მე წინასაარჩევნო პერიოდშიც გამორიცხული მქონდა, ჩვენ წალენჯიხაში ძალიან მაღალი პოლიტიკური კლასი და კულტურა უნდა ვაჩვენოთ ყველაფერში.

– და ეს ეხება საკადრო პოლიტიკასაც?

ღიად ვამბობ, მხოლოდ მაღალი კვალიფიკაცია და რეპუტაცია – ეს არის ჩემთვის და კოალიციისთვისაც ამოსავალი და განმსაზღვრელი. კოალიცია ფიქრობს გამოცდილების გაზიარებებზე, ურთიერთთანამშრომლობაზე.

– მესმის, მაგრამ გამოცდილებაც და რეპუტაციაც შეფასებითია და შესაძლოა, სადავოდაც იქცეს. და ამას ვინ წყვეტს?

სწორი კითხვაა. ამისთვის უნდა დავსახოთ გზა. არსებობს საკონკურსო მეთოდები და ა.შ. მაგრამ ეს არ იქნება დევნით, ადამიანის ღირსების შელახვით და სხვა იმ გზებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა. ეს ქცევა ჩვენთვის მიუღებელია. მე განვმარტე, რას ნიშნავს კოჰაბიტაცია და ეს ჩვენ გააზრებული გვაქვს.

– ერთ–ერთი საკითხი, რომელიც ასევე ადმინისტრაციულ რესურსად განიხილება, არის ხელოვნურად გაზრდილი შტატები მუნიციპალიტეტებში, რის გამოც ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება სახელფასო ფონდს. ამ მიმართულებით რას გეგმავთ? ესეც მტკივნეული საკითხი იქნება და ალბათ, „ბეწვის ხიდზე“ მოგიწევთ გავლა...

მესმის და გავივლით. გადაჭრით ახლა ვერაფერს გეტყვით. უნდა გავიაროთ აიპების მიხედვით: მართვის ეფექტი, მენეჯმენტი, ხარჯვითი ნაწილი. ეს ძალიან რუტინული, დაკვირვებული შრომის ნაწილია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები