"ვგეგმავთ რეაგირებას" – იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

08-11-2021 21:21:10 სამართალი

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხის საავადმყოფოში შესახლებისას პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი შესახლებულ იქნა #18 დაწესებულებაში, მან ჩვენს თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“,– განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სამსახური ინციდენტს სწავლობს და გეგმავს სამართლებრივ რეაგირებას.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი, რომელიც 39 დღეა, შიმშილობს, ციხის საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს. მისი საპატიმრო დაწესებულებიდან გაყვანის შესახებ დაახლოებით, ერთი საათის წინ გახდა ცნობილი. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა „შვილი თვალწინ ააცალეს“. ადვოკატები და ექიმთა ნაწილი სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდა გლდანის ციხის არასათანადო აღჭურვილობის გამო. სახალხო დამცველმა ორჯერ შეამოწმა ციხის საავადმყოფო. უკანასკნელი მონიტორინგი 4 ნოემბერს განხორციელდა. ომბუდსმენმა მონიტორინგის შემდეგ განაცხადა, რომ "მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს".ამ დროისთვის თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი მოთხოვნაც სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

იხილეთ ასევე: იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის მოტივს განმარტავს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები