
საიას თავმჯდომარე: "სააკაშვილი მოტყუებით წაიყვანეს გლდანში და ამის გასამართლებლად მორიგი უკანონოდ გავრცელებული კადრები ვნახეთ"
08/11/2021 20:24:42 სამართალი
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს.
როგორც სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს, გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის დამამცირებელი და არაადამიანური გარემოა.
„სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ გლდანის დაწესებულებიდან. ის მოტყუებით წაიყვანეს ამ დაწესებულებაში და ამის გასამართლებლად მორიგი უკანონოდ გავრცელებული კადრები ვნახეთ. გლდანში არაა სათანადო პირობები მკურნალობისთვის და რაც მთავარია, მისთვის დამამცირებელი და არაადამიანური გარემოა“, - წერს სიმონიშვილი.
პენიტენციურმა სამსახურმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ალაგებს საკუთარ ნივთებს მიხეილ სააკაშვილი და გადის რუსთავის ციხის საკნიდან. უწყების თქმით, "სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ".
მოგვიანებით, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოინახულა. მისი თქმით, მას სააკაშვილმა უთხრა, რომ რუსთავის ციხიდან გაყვანის დროს, მას დაუმალეს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაჰყავდათ. კერძოდ, სააკაშვილს უთხრეს, რომ იგი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ, რის შემდეგაც ექს–პრეზიდენტი რუსთავის ციხის ექიმებს დაემშვიდობა და ნივთების მოგროვება დაიწყო.