
უკრაინის უმაღლესი რადის 90-მდე დეპუტატი სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას მოითხოვს
09/11/2021 07:07:34 პოლიტიკა, სამართალი
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატები შეშფოთებულები არიან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მის ირგვლივ საქართველოში შექმნილი ვითარების გამო. ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავენ და სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას მოითხოვენ.
«შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ხანგრძლივი შიმშილის შემდეგ მისი სიცოცხლე მართლაც საფრთხეში აღმოჩნდა. აუცილებელია სააკაშვილის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია უმაღლესი კლასის სამოქალაქო კლინიკაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის აუცილებლობიდან გამოდინარე, მოგიწოდებთ: დაუყოვლებლივ უზრუნველყოთ მიხეილ სააკაშვილი მაღალი დონის სამედიცინო მეთვალყურეობით, რაც დაიცავს მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს; უზრუნველყოთ მიხეილ სააკაშვილი უწყვეტი სამართლებრივი საკონსულტაციო და საადვოკატო დაცვით; რაც შეიძლება, სწრაფად დააბრუნოთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში», – ნათქვამია წერილში, რომელსაც გამოცემა «ГОРДОН» ავრცელებს.
დოკუმენტს რადას 89 წევრმა მოაწერა ხელი, მათ შორის - პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერმა დავით არახამიამ, ასევე ფრაქცია "ხმის" ხელმძღვანელმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა და იულია ტიმოშენკოს «ბატკივშინას» წარმომადგენლებმა.