
ბჟანია UNDP-ს ბედიის მონასტრის აღდგენაში დახმარებას სთხოვს
09/11/2021 12:21:00 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ კოორდინატორ საბინა მახლსა და გაერო-ს ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისრის სამმართველოს საველე საკითხთა მრჩეველ მარია ვოლოშკევიჩს შეხვდა. აფხაზი ლიდერის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მსვლელობისას ბჟანიამ UNDP-ს წარმომადგენელს ბედიის მონასტრის რესტავრაციაში დახმარების თხოვნით მიმართა.
როგორც პრეს-სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, "ბედიის მონასტერი აფხაზეთის ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური სიწმინდეა».
შეხვედრაზე ასლან ბჟანია თბილისთან ურთიერთობის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ აფხაზეთი «ორ მეზობელ ქვეყანას შორის ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობების ჩამოყალიბების მომხრეა", თუმცა "ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობასა და სახელმწიფო სუვერენიტეტს აღიარებს".
ცნობისთვის: 2012 წელს ქართულ მედიაში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ ბედიის მონასტერში გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის - ბაგრატ III-ს ფრესკა და წარწერები წაშალეს.
აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დე ფაქტო სამმართველოს ხელმძღვანელი მაშინ აცხადებდა, რომ "უძველესი ფრესკები უკვე რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ნადგურდებოდა".