
უკრაინის ომბუდსმენი: საქართველოს ელჩმა შეხვედრაზე უარი განაცხადა
09/11/2021 13:52:07 პოლიტიკა, სამართალი
უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინელ ომბუდსმენ ლიუდმილა დენისოვასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, - აცხადებს თავად დენისოვა.
«გიორგი ზაქარაშვილმა გაიწვია თავისი შემოთავაზება ჩემთან შეხვედრის თაობაზე "მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო უწყების განცხადების პოლიტიკური კონტექსტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა საინისტროსთან შემდგომი აუცილებელი კონსულტაციების გათვალისწინებით". ამ შეხვედრის დროს მსურდა, მიმეღო განმარტებები სააკაშვილთან მიმართებაში სიცოცხლისა და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებების, ასევე უკრაინის მოქალაქის პროცესუალური უფლებების ხელყოფის გამო», – ნათქვამია დენისოვას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინელი ომბუდსმენი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების გუშინდელმა ქმედებებმა «გლდანის № 18 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის იძულებით გადასაყვანად დაამძიმა სიტუაცია, რომელიც დღეს სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის».
დენისოვას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ირღვევა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების საერთაშორისო კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლები, ასევე წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ამკრძალავი საერთაშორისო კონვენციის პირველი მუხლი.
გარდა ამისა, უკრაინელი ომბუდსმენის განცხადებით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ორგანოების მიერ სააკაშვილის პატიმრობის ამსახველი ვიდეოჩანაწერების მისი თანხმობის გარეშე გავრცელება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლის დარღვევას.
«მტკიცედ ვგმობ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემატიურ უხეშ დარღვევას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და მოვუწოდებ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება მსგავს ქმედებებზე», – ნათქვამია დენისოვას განცხადებაში.