ზახაროვა - «3+3» ფორმატზე: "თბილისიდან წინააღმდეგობრივი განცხადებები გვესმის"
11/11/2021 07:36:37 პოლიტიკა
მოსკოვი «3+3» რეგიონული ფორმატის ამოქმედების გეგმის პრაქტიკულ ჭრილში გადატანის აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
«რუსეთმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა. ვთვლით, რომ დადგა დრო, ამ ფორმატის ამოქმედების გეგმები პრაქტიკულ სიბრტყეშო გადავიტანოთ. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, თბილისიდან წინააღმდეგობრივი განცხადებები გვესმის ამ საკონსულტაციო მექანიზმში მონაწილეობის თაობაზე. მაგრამ ეს სუვერენული ქვეყნის პოზიციაა. ამოვდივართ იქიდან, რომ ფორმატი «3+3» რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებს პასუხობს», – აღნიშნა მან.
"წინააღმდეგობრივ განცხადებებზე" საუბრისას ზახაროვამ სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის 7 ოქტომბრის განცხადება იგულისხმა იმის შესახებ, რომ საქართველო დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში "მაინც იქნება წარმოდგენილი რაღაც ფორმით", თუმცა "არა სახელმწიფო ინტერესებისა და ოკუპანტის მიმართ რაღაც დათმობების ხარჯზე». მანამდე კი საგარეო საქმეთა სამინისტროში ცალსახად აცხადებდნენ, რომ სანამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, ამ ქვეყანასთან რაიმე სახის ერთობლივ ფორმატებში მონაწილეობა გამორიცხულია.
გასული წლის დეკემბერში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ეროღანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში შესაძლებელია "ექვსთა პლატფორმის" (თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი) ჩამოყალიბება რეგიონის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის. ინიციატივას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც დაუჭირა მხარი. ბოლო დროს კი მას სულ უფრო აქტიურად ლობირებს რუსეთი. ცოტა ხნის წინ მისმა მთავარმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა გამოთქვა იმედი, რომ «3+3» ფორმატს საქართველოც შეუერთდება.
იხილეთ ასევე: „3+3 ფორმატი“ და კრემლის იმედები – ინტერვიუ საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან


