ბელარუსის პარლამენტში აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარების შესახებ კანონპროექტი არ შესულა

11-11-2021 14:01:03 კონფლიქტები ,საგარეო პოლიტიკა

ბელარუსის პარლამენტში აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარების შესახებ კანონპროექტი არ შესულა, - განაცხადეს დღეს ქვეყნის ეროვნული კრების (პარლამენტის) წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტში და საპირისპირო შინაარსის გავრცელებულ ინფორმაციას "ფეიქი და სისულელე" უწოდეს.

ინფორმაცია ბელარუსის პარლამენტის მიერ საქართველოს ოუპირებული რეგიონების აღიარების საკითხის შესაძლო განხილვის შესახებ სოცქსელებში გავრცელდა. ამის შესახებ, კერძოდ, "დონის როსტოვში აფხაზეთის საპატიო კონსული" ადიკ არშბა და Telegram-არხი «Незыгарь»-ი წერდნენ.

მიმდინარე წლის აგვისტოში ალექსანრე ლუკაშენკომ ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა, რატომ არ აღიარა თავის დროზე სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა. მისი თქმით, დასავლეთი მინსკს დამატებთი სანქციებით ემუქრებოდა, მოსკოვმა კი მას მოსალოდნელი ეკონომიკური დანაკარგების კომპენსირებაზე უარი განუცხადა. ამასთან, ბელარუსის ლიდერმა "ცუდი ფაქტი" უწოდა იმას, რომ "საქართველოს სამხრეთ ოსეთი მოსწყვიტეს".

რუსეთმა საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. გასული 12 წლის განმავლობაში მის მაგალითს მხოლოდ კრემლის რამდენიმე სატელიტმა რეჟიმმა მიბაძა ვენესუელის, ნიკარაგუასა და სირიის სახით, ასევე კუნძულოვანმა მინი-სახელმწიფო ნაურუმ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები