
ციხის მთავარი ექიმი: "სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება"
14/11/2021 16:35:22 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება
გლდანის ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმი მანანა ელეფტეროვა აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"სააკაშვილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება, უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებს ელეფტეროვა.
იგი კოლეგებს მიმართავს "სიტუაციის დრამატიზებისგან" თავი შეიკავონ:
"როგორც ექიმი ჩემს კოლეგებს მოგმართავთ თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზებისგან”.
მისი თქმით, "რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას სხვადასხვა ტელევიზიის მიერ, თითქოსდა ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეთვრამეტე დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება".
ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.