Accentnews.ge
3–წლამდე პატიმრობა და "საჭიროების შემთხვევაში პროპორციული ძალისა და სპეცსაშუალებების გამოყენება" – შსს დღევანდელი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

3–წლამდე პატიმრობა და "საჭიროების შემთხვევაში პროპორციული ძალისა და სპეცსაშუალებების გამოყენება" – შსს დღევანდელი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

15/11/2021 06:38:27 პოლიტიკა, სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დემონსტრანტებს აფრთხილებს.

უწყების განცხადებით, "საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს".

ამასთან, შსს–ს განცხადებით, 'დანაშაულს წარმოადგენს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ასევე, ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება და აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა. აღნიშნული ქმედების ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით":

„თბილისში, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დაგეგმილია საპროტესტო აქცია, რომლის ფარგლებშიც სატრანსპორტო კვანძების, კერძოდ, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მოძრაობის გადაკეტვა იგეგმება.

აღნიშნული აქციის გაცხადებული მიზანია, თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევა.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისთვის. ამავე კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შეახსენებს, რომ ზემოაღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ასევე, ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება და აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა. აღნიშნული ქმედების ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფგორმაციაში.

ცნობისთვის: "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მხოლოდ ხახლზეა დამოკიდებული საქართველოს ევროპული მომავალი. იგი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ახლა არა წუწუნის, არამედ ბრძოლის დროა და დღევანდელ აქციას შეუერთდნენ.

"რუსული გეგმა საქართველო არ ჩამოყალიბდეს დასავლური ტიპის სახელმწიფოდ და დავრჩეთ საბჭოთა/რუსეთის ყაიდის სახელმწიფოდ - ბოლომდეა ამოქმედებული! მხოლოდ ჩვენზე, ხალხზეა დამოკიდებული ევროპული მომავალი! გელოდებით 14:00 ავლაბრის მეტროსთან! ბრძოლის დროა და არა წუწუნის! ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა!", - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

ოპოზიცია მეტროს სადგურ "ავლაბართან" 14:00 საათზე შეიკრიბება და მსვლელობით თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზას გადაკეტავს. როგორც ენმ–ში აცხადებენ, მოძრაობა ჩაკეტილი ზუსტად 2 საათით, 3-დან 5-საათამდე იქნება.

აქციის მონაწილეეების მთავარი მოთხოვნა, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S