
"ფეიკი" დასკვნა შესაძლოა, გახდეს ისეთი რამ, რასაც ომბუდსმენისა და ექიმების პასუხისმგებლობა მოყვება"
18/11/2021 09:33:02 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა არის "ფეიკი" და თუ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისას განვითარდება ის სცენარი, რომლისაც, კობახიძის თქმით, მათ ეშინიათ, "ამ შემთხვევაში ეს მორიგი "ფეიკი" ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება, პირდაპირი პასუხისმგებლობა მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და მათ შორის ექიმების".
"მათ სინამდვილეში უნდა მოემზადებინათ დასკვნა ე.წ. რიფიდინგთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება შიმშილობის შემდგომ მკურნალობას, ერთი მარტივი მიზეზის გამო, სააკაშვილი აცხადებს, რომ მას აღარ აქვს პოლიტიკური მოთხოვნა, ის არ შიმშილობს პოლიტიკური მოთხოვნით, მისი ერთადერთი მოთხოვნა არის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, ამ შემთხვევაში ის წყვეტს უკვე შიმშილობას, თუ მას ექნება უზრუნველყოფილი, მისი თქმით, შიმშილობის შემდგომი სათანადო მკურნალობა. აქედან გამომდინარე, ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით, ეს რომ არ გააკეთა, ეს კიდევ ერთი მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოების, ანუ იმთავითვე "ფეიკია" ის, რაც გააკეთა ე.წ. კონსილიუმმა. როდესაც იდება ასეთი "ფეიკი" დასკვნა, ექიმების მიერ და სახალხო დამცველის მიერ, საბოლოო ჯამში, ამ ეტაპზე ეს არის ერთი მორიგი "ფეიკი", მაგრამ წარმოიდგინეთ თუ ამ "ფეიკს" მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია, ამ შემთხვევაში ეს მორიგი "ფეიკი" ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება, პირდაპირი პასუხისმგებლობა მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და მათ შორის ექიმების" , -განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში ენმ–ის მიერ ორგანიზებული პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება.
17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. "პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", – ნათქვამია დასკვნაში.