
"თავის ტვინის მდგომარეობის შესახებ დიაგნოსტიკას ამ წუთში ვერ ვაკეთებთ, გასტორენტეროლოგი ჯერ არ მოსულა, მდგომარეობა მძიმეა"
18/11/2021 22:43:31 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი რეანიმაციაში მონიტორინგის ქვეშ იმყოფება და მდგომარეობა მძიმეა.
"დიდი მადლობა ქალბატონ გულიკო ქილიფთარს, რომელიც შემთხვევით იყო იქ და ჩაატარა ყველა რეანომატოლოგიური ღონისძიება. [...] ამ წუთში ყველაზე საყურადღებოა "ემერტეს" გაკეთება, ეს აპარატი აქ არ დგას. თბილისში სულ რამდენიმე კლინიკაშია. ადგილობრივმა ექიმებმა შემოგვთავაზეს კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება, რაც უბრალოდ ზედმეტი დასხივებაა და უარი ვთქვით. თავის ტვინის მდგომარეობის შესახებ დიაგნოსტიკას ამ წუთში ვერ ვაკეთებთ. რაც შეეხება გასტორენტეროლოგს, ჯერ არ მოსულა – არის სისხლდენა თუ არა არ ვიცით. [...] მდგომარეობა არის ძალიან რთული. გვყავდა ნევროლოგი, რომელმაც დასვა არასასიამოვნო დიაგნოზის შესაძლებლობა. გადასაყვანია სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში [...] ახლაც რომ სახლში მივდივარ, მე არ ვიცი რა მოხდება ერთ საათში, 10 წუთში", – განაცხადა ყიფშიძემ.
რაც შეეხება გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის შესაძლოა გადაყვანას, ექიმის თქმით, პაციენტისთვის იქ სათანადო მკურნალობის გაწევა შეუძლებელი იქნება:
"მას 25 სპეციალისტი სჭირდება. ისინი ძირითადად თბილისში ცხოვრობენ. ამათ ხომ ვერ ატარებ გორში დღე და ღამე?!".
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. ექიმ - რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სინკოპეს ეპიზოდს და მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა. მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, რადგან ექიმის ინფორმაციით, სჭირდება მონიტორინგი.