ზალკალიანი – პარტნიორების კრიტიკაზე: "კრიტიკა ჯანსაღი უნდა იყოს და არა შეურაცხმყოფელი"

19-11-2021 19:09:08 საგარეო პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მათ აზრის გამოთქმისას ბალანსის დაცვა მოეთხოვებათ.

„ხშირად მეგობრებს შორისაც არის ხოლმე ასეთი საუბრები და უთანხმოება. ეს უთანხმოება და კრიტიკა ჯანსაღი უნდა იყოს და არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი. ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ [საქართველო] სუვერენული ქვეყანაა, რომელიც თავის სახელმწიფო ინსტიტუტებს პატივს სცემს და აქედან გამომდინარე, ეს ბალანსი უნდა იყოს დაცული.[...] ხშირად არის ხოლმე, რომ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით [ხდება ეს]. მათ ინფორმაციის მიწოდების წყარო ძალიან ბევრი ჰყავთ - მათი ყოფილი მეგობრები, ადამიანები, რომლებთანაც წლებია ურთიერთობა აქვთ. ეს ურთიერთობები ყალიბდება წლების განმავლობაში და ხანდახან სუბიექტივიზმშიც გადადის“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. მათ შორის „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი დაინტერესდა, თუ რატომ აძლევენ თავს უფლებას საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები გამოთქვან თავიანთი კრიტიკა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვერასოდეს მიიღებს საერთაშორისო პარტნიორებისგან „რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან, ვინც არ უნდა იყოს ის“.

დავით ზალკალიანი ამბობს, რომ როდესაც საერთაშორისო პარტნიორები ცდებიან, „ამაზე, ჯობია, რომ გულწრფელად ვუთხრათ, როგორც ღიად, ასევე პირად საუბრებში“ და ხელისუფლება ხშირად წარმატებით ახერხებს, რომ მათ აზრი შეაცვლევინოს:

„მერე მივსულვართ, ნორმალურად, ადამიანურად გვისაუბრია მათთან და მათ პოზიცია შეუცვლიათ. ამას ვაკეთებთ და გავაკეთებთ კიდევაც“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები