
იარაღის ბარონი
22/11/2021 10:43:24 კონფლიქტები
ბოლო წლებში მრავალჯერადად გაიზარდა სამხრეთ ოსეთში შეძენილი ძვირადღირებული საბრძოლო იარაღის "კანონიერ" მფლობელთა რაოდენობა რუსეთში, სადაც საჯილდოო იარაღი მოკლელულიანების ფლობის ერთადერთ ლეგალურ გზას წარმოადგენს.
ამასთან, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებმაც ეს მაღალი ჯილდო მიიღეს, არიან არა მარტო არნახულად მდიდარი, არამედ არნახულად "მორიდებული" ადამიანები - "მორიდებულნი" ცხოვრების კრიმინალური ნირის გამო — რიგითი კრიმინალი ხომ მსგავსი იარაღის შეძენას ფინანსურად ვერ გასწვდება.
და აქ საქმე გვაქვს სიტუაციასთან, რომელიც ცნობილ ანეკდოტს მოგვაგონებს - საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რომ საკუთარ თავზე გავიდნენ.
ბუმერანგი, როგორც ცნობილია, მსროლელს უბრუნდება - და პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის პოლიტიკურმა ოპონენტებმაც უკვე ჩაიგდეს ხელში დაჯილდოებულთა სია, რომელსაც, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში მისთვის მტკივნეული დარტყმის მისაყენებლად გამოიყენებენ. ამ დღეებში სოცქსელში სიის პირველმა ნაწილმა გაჟონა. და რამდენიც არ უნდა იძახონ ახლა, რომ ეს ცილისწამებაა და შავი პიარი, ფაქტები ფაქტებად რჩება.
საპრეზიდენტო მფარველობით მოსარგებლე ამ კრიმინალურ ბიზნესთან დაკავშირებული პირველი მსხვილი სკანდალი 2017 წელს მოხდა: მაშინ გაჟონა მონაცემებმა ასობით მყიდველის შესახებ და ამან ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლაში აფეთქებული ბომბის ეფექტი მოახდინა. იმხანად ანატოლი ბიბილოვის საარჩევნო შტაბმა ეს "ბოლო წვეთად" გამოიყენა ლეონიდ თიბილოვის წინააღმდეგ და შედეგსაც მიაღწია. ამომრჩეველმა ვერ აპატია თიბილოვს, რომ იარაღს ქართულ "შავ ბაზარზე" ყიდულობდნენ და მათ შორის, ინგუშური წარმომავლობის პირებზე ყიდდნენ.
ბევრი პერსონა მაშინ არაიდენტიფიცირებული დარჩა, თუმცა ამოტივტივდნენ ისეთებიც, ვისაც ფართოდ იცნობენ როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ოსეთში. მათ შორის იყო, მაგალითად, ინგუშეთის "ალანიზაციის" სპონსორი, ოლიგარქი მიხეილ გუცერიევი, რომელსაც მაშინ თავის მართლება მოუწია. თავის მართლება სცადა თავად ლეონიდ თიბილოვმაც - და ეს უხერხული ვიდეოკადრები იმხანად "მემებად" იქცა.
თუმცა შემდეგ იმოქმედა პრინციპმა - "თუ უმსგავსობას ვერ აღმოფხვრი, მას სათავეში უნდა ჩაუდგე". თურმე, არავინ აპირებდა საჯილდოო იარაღის წარმომავლობისა და კანონიერების შემოწმებას და მით უფრო ამ უკანონო ბიზნესის აღკვეთას - შემოსავლები ხომ ათობით მილიონ დოლარს აღწევს. და რა უჭირს, რომ ეს რესპუბლიკის დისკრედიტებას ახდენს და სამხრეთ ოსეთი აბსოლუტური ბანდიტიზმის კარიკატურულ ნაკრძალად წარმოჩინდება?
"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის" ამ იარაღით ჯილდოვდებიან პირები, რომლებსაც როკის გვირაბი არასოდეს გადმოულახავთ. თუ ადამიანს სურს, გაიფორმოს იარაღი, რომლითაც შემდგომში თავისუფლად ივლის რუსეთში, მან უბრალოდ საჭირო ხალხი უნდა მოიძიოს. შუამავლების ჯაჭვის გავლით მას საჭირო ადამიანებს დააკავშირებენ. პირადი დასწრება სავალდებულო სულაც არ არის: საკმარისია, თანხა გამოატანო შუამავალს - და ამ უკანასკნელის მეტი, არავინ რისკავს.
კარგად ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში, რომელიც სამხრეთ ოსეთში კონტრაბანდული იარაღით ვაჭრობის ბიზნესითაა დაკავებული, შედიან, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შსს-ს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე ანატოლი ბიბილოვის უახლოესი გარემოცვის წევრი ბიზნესმენები.
ეს თემა რეგიონში საიდუმლოს თითქოს არავისთვის წარმოადგენს, თუმცა მაინც ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ უახლოეს მომავალში შოკისმომგვრელი სიურპრიზები გველოდოს გაუგებარია, ვისთვის, გაუგებარია, რა დამსახურებისთვის "ნაჩუქარ" იარაღთან დაკავშირებით. "თალიბანის" ლიდერებისთვის ნაჩუქარი პისტოლეტების შესახებ ცნობები ხომ ბიბილოვის ხელისუფლების მხრიდან რაიმე განმარტებების არარსებობის პირობებში დღემდე მხოლოდ ვარაუდებად რჩება. ისევე, როგორც ის, რომ საგარეო დაზვერვის სამსახურის ყალბი თანამშრომელი ალექსეი მაქსიმოვი "დაუმარცხებელი არიული სულის ქვეყანაში" სწორედ იარაღის ან/და სხვა აკრძალული საქონლის მოწოდების ახალი დიპლომატიური არხების შესახებ მოსალაპარაკებლად იყო წასული.
იკითხეთ ასევე: “თალიბანი”, ოპიუმის ნაცვლად - “ამარანტი”, საქონლის ნაცვლად – ქათამი და სხვა: ბიბილოვის გარემოცვის ახალ წევრთა უცნაური ისტორიები
ჯერ-ჯერობით ღიად რჩება ასევე კითხვა, მოხდება თუ არა საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, ვინაა სადღეისოდ ამ საქმეში?
გიორგი ლოლითი
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება