Accentnews.ge
უდიდესი ტყუილი “ალტ-ინფოს” ტყუილთა შორის და რა რეალური ზრახვები აქვს პუტინის რუსეთს

უდიდესი ტყუილი “ალტ-ინფოს” ტყუილთა შორის და რა რეალური ზრახვები აქვს პუტინის რუსეთს

22/11/2021 15:57:10 პოლიტიკა

ალბათ, ყველას გვსმენია პუტინის აკვიატებული იდეების - “ნოვოროსიის”, “რუსული სამყაროს”, “სსრკ-2”-ის შესახებ. მათ მოსკოვიდან ხან პატრიარქი კირილი აჟღერებდა, ხან - ცალკეული პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები. გარკვეულ ეტაპზე ეს იდეები რუსეთის ცალკეული პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებშიც აისახა – და დღეს ეს პარტიები ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არიან წარმოდგენილები.

ხსენებული საინფორმაციო წყაროებიდან უკვე ვიცოდით, რომ “სსრკ-2”-ში მოიაზრებდნენ თავად რუსეთს, ბელარუსს, უკრაინას, მოლდოვას, “შესაძლოა, საქართველოსა და სომხეთს”, ასევე პუტინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ/ანექსირებულ ტერიტორიებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, დნესტრისპირეთის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებისა და მთიანი ყარაბაღის ჩათვლით. ორიოდ დღის წინ კი პუტინის რუსეთის ზოგადი იდეოლოგიურ-ფილოსოფიური ხედვა, იდეები და ზრახვები საკმაოდ მკაფიოდ, ვრცლად და ერთმნიშვნელოვნად აღწერა ინტერნეტ-გამოცემა «Актуальные комментарии»-ს ვებ-გვედრზე გამოქვეყნებულ პროპაგანდისტულ სტატიაში “კრემლის რუხ კარდინალად” ცნობილმა ვლადისლავ სურკოვმა, რომლის დასკვნით, “რუსეთი გაფართოვდება”.

ვლადისლავ სურკოვი და ვლადიმირ პუტინი

აი, ამ ფონზე უტენის საქართველოს მოსახლეობას ტვინს გაუთავებელი ტყუილებით და გულებს რუსეთთან დაკავშირებული ფუჭი იმედებით პრორუსული ძალადობრივი დაჯგუფება “ალტ-ინფო”, რომელიც, საფუძვლიანი ეჭვის თანახმად, რუსული სპეცსამსახურების მიერ ფინანსდება და როგორც ფაქტი, კრემლის ერთ-ერთი ცნობილი იდეოლოგის – ალექსანდრე დუგინის მიერ ლობირდება. “ალტ-ინფომ” უკვე უჩვენა მთელს საქართველოს თავისი უკანონო, ძალადობრივი მოქმედების მკაფიო მაგალითები, მოახდინა ამ მხრივ თავისი არსისა და პოტენციალის ნათელი დემონსტრირება და მიუხედავად ამისა, მაინც უპრობლემოდ მოახერხა ჯერ ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვება, ხოლო ორიოდ დღის წინ გამართულ ყრილობაზე პარტიად დარეგისტრირებაც დააანონსა, თან საჯაროდ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან “მოკავშირეობისათვის” - თურმე, “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის" მიზნით.

"ალტ-ინფოს" ყრილობის ამსახველი ფოტო ალექსანდრე დუგინის ფეისბუქ-გვერდიდან

ამის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტ აქტუალურობას იძენს ვლადისლავ სურკოვის ზემოთ ხსენებული სტატია, რომელშიც ნათლადაა წარმოჩენილი, რა რეალური ზრახვები აქვს პუტინის რუსეთს, მათ შორის – საქართველოსთან და მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. მით უფრო, რომ სწორედ სურკოვის მიერ წლობით ნაზარდი “კადრი” - ინალ არძინბა დაინიშნა ახლახანს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში “საგარეო საქმეთა მინისტრად”.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადაყენებულ და ახლადდანიშნულ "საგარეო საქმეთა მინისტრებთან" - დაურ კოვესთან და ინალ არძინბასთან ერთად

თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, “აქცენტი” კრემლის “რუხი კარდინალის” პროპაგანდისტული სტატიიდან ამონარიდების თარგმანს გთავაზობთ:

“არც ერთი სისტემა არ შეიცავს საკუთარი ჭეშმარიტობის მტკიცებულებებს. ნებისმიერი იდეა შეიცავს თვითგანადგურებისა და თვითუარყოფის ელემენტებს. ფიზიკურ პროცესებთან მიმართებაში ამას თერმოდინამიკის მეორე კანონის მრავალრიცხოვანი თანაავტორები აღნიშნავდნენ: დახშულ სისტემაში ენთროპია იზრდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქაოსი (უწესრიგობა) არასოდეს იკლებს, პირიქით, პრაქტიკულად ყოველთვის იმატებს და შესაბამისად, ყველგან, პროგრესირებადი ტურბულენტობისა და დაშლის ფონზე, წესრიგისა და სტაბილურობის ქრონიკული კლება შეინიშნება. […] თუმცა სოციალური ფიზიკა და პოლიტიკური დინამიკა მსოფლიო წესრიგის დასაცავად გვთავაზობენ საკუთარ რეცეპტს — ძლიერმოქმედ სახელმწიოებრიობას.

დიახ, სახელმწიფო უპირველესად, სოციალური ენთროპიის შემცირების ინსტრუმენტია. ამასთან, თერმოდინამიკის მეორე კანონის საფუძველზე, რომელიც არავის გააუქმებია, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ნებისმიერი სახელმწიფო დროთა განმავლობაში ცვდება და კვდება საკუთარი მოქალაქეების “მრავალჯანყიან სურვილებთან” ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული, თანაც საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეფექტური შეიძლებოდა, ყოფილიყო. ასე, მაგალითად, საუკუნის დასაწყისში რუსეთის სახელისუფლებო სისტემამ შეაჩერა სოციალური ქაოსის შემოტევა და შეძლო, ამოექაჩა ტრავმირებული ქვეყანა “პერესტროიკის” ნანგრევებიდან. ახლა უკვე გვაქვს სტაბილურობის ის 20 წელი, რომელიც თავის დროზე სტოლიპინს არ ეყო. და სამომავლოდ კიდევ გვექნება. ვერტიკალი და წესრიგი გარანტირებულია და ამ წლებს ოდესმე აუცილებლად მოიხსენიებენ “ოქროს ხანად”. მაგრამ! თუ თერმოდინამიკის მეორე კანონი სწორია (ის კი სწორია) და ენთროპია ვერ მცირდება და ქრება, მაშინ ჩნდება საკმაოდ შემაშფოთებელი კითხვა — სადაა ის ასეთ შემთხვევაში? როცა წესრიგი დამყარდა, რა დაემართა უწესრიგობას? სადაა ახლა ქაოსი, რომელიც თითქოს არ ჩანს? რომელ ადგილებში იზრდება ის ამჟამად (ის ხომ, კანონის თანახმად, უნდა იზრდებოდეს!)?

ახლო წარსულში ქაოსისა და თავისუფლების კანალიზაციის ნავსაყუდელს ინტერნეტი წარმოადგენდა. მას ადიდებდნენ, როგორც არაამქვეყნიურ ანარქიას, რომელშიც ყველაფერი იყო ნებადართული და ამის ხარჯზე ყველა კომფორტულად გრძნობდა თავს. რატომღაც ავიწყდებოდათ, რომ ინტერნეტის დამკვეთი იყო პენტაგონი. შესაბამისად, უცნაური იქნებოდა, გვქონოდა მოლოდინი, ამ ცალსახად სამხედრო უწყებას, რომელიც სწორედ წესრიგსა და დისციპლინას უნდა ამყარებდეს, თანაც ყოველგვარი, მათ შორის მასობრივი მკვლელობების მეთოდებით, მოულოდნელად “ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის” ჩამოეყალიბებინა რაღაც პროდუქტი…. საბოლოო ჯამში, ქსელში მოვიდნენ ყველა ქვეყნის პოლიციელები, იუზერების შეძახილები “ეს მე არ ვყოფილვარ» აღარ ჭრის – და აი, ვირტუალური თავისუფლების ბაღნარი უკვე ციფრული კონცბანაკის მკაფიო კონტურებს იძენს.

ახლა ქაოსი როგორც მატერიალური, ისე ვირტუალური რეალობიდან საზოგადოებრივი ცხოვრების “რუხ” ზონებში ინაცვლებს და ასტიმულირებს იმ არააფიშირებული კოლექტიური პრაქტიკების სტიქიურ გავრცელებას, რომლებიც არა მეინსტრიმის წინააღმდეგ, არამედ მის პარალელურადაა მიმართული. ადამიანებს სურთ, იარსებონ პარალელურად და განსაკუთრებული საჭიროების გარეშე აღარ გადაიკვეთონ სისტემასთან. მოსახლეობის მასობრივი დისპოლიტიზაცია ისტებლიშმენტს საკუთარ თავთან ტოვებს. “პარალელური” ადამიანებისთვის არჩევნებზე მისვლა ან სწორი პლაკატის დაკავება მხოლოდ და მხოლოდ ხერხია, კეისარს თავისი მიუზღონ, რათა შემდეგ დაუბრუნდნენ თავის სამყაროს, რომელშიც იმ პლაკატის სულისკვეთებასთან სრულიად შეუსაბამო რეალობაში გააგრძელებენ არსებობას. მსგავსი წერტილოვანი ლოიალობისა და ერთჯერადი პატრიოტიზმის ფართო გავრცელება ნიშნავს, რომ საზოგადოების ერთი შეხედვით, თითქოსდა სულ უფრო მონოლითურ სტრუქტურაში ჩნდება სულ უფრო მეტი ხვრელი, რომელიც კაცმა არ იცის, რითი ივსება.

[…] ის, რომ ენთროპია თეორიულად, ხასიათდება თვისებით, იზრდებოდეს სწორედ დახშულ, დახურულ სისტემებში, თითქოს გვთავაზობს პრობლემის გადაჭრის მარტივ ხერხს — გავხსნათ სისტემა, “ამოვუშვათ ორთქლი” – და ქაოსიც უკან დაიხევს. მაგრამ ეს სიმარტივე მოჩვენებითია. შიდაპოლიტიკურ ბლოკში ეს ლიბერალური ექსპერიმენტები ძალზე სახიფათოა: “სოციალური რეაქტორის” სადღეისოდ გამართულად მომუშავე სისტემის ჰერმეტულობის დარღვევა სამოქალაქო უკმაყოფილების არაკონტროლირებადი ამოფრქვევებისა და შეუქცევადი დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია (ამის მაგალითები უკვე გვქონდა 1980-იან-90-იან წლებში). ამგვარად, სოციალური ენთროპია ძალზე ტოქსიკურია და მასთან “სახლის პირობებში" მუშაობა რეკომენდებული არ არის – ის სადმე მოშორებით უნდა იქნას გატანილი, ანუ ექსპორტირდეს უტილიზაციისთვის შერჩეულ უცხო ტერიტორიებზე.

აქვე ვთქვათ, რომ ქაოსის ექსპორტირება არახალი პრაქტიკაა. «დაყავი და იბატონე» უძველესი რეცეპტია, დაყოფა კი აქ სწორედ ქაოტიზაციის სინონიმია. “გააერთიანე შენიანები+დაყავი უცხოელები=იბატონე ერთზეც და მეორეზეც”. ანუ, საუბარია შიდა დაძაბულობის გარე ექსპანსიით განმუხტვაზე. რომაელები აკეთებდნენ ამას. ყველა იმპერია აკეთებს.

რუსული სახელმწიფოც მისი მკაცრი და ნაკლებ მოძრავი შიდა პოლიტიკური ინტერიერით თავს მხოლოდ და მხოლოდ საზღვრებს გარეთ დაუღალავი სწრაფვით ირჩენდა. სხვა ხერხებით გადარჩენა მან, მაღალი ალბათობით, არც არასდროს იცოდა. შესაბამისად, რუსეთისთვის მუდმივი გაფართოება არა უბრალოდ ერთ-ერთი იდეაა, არამედ ჩვენი ისტორიული ყოფის ჭეშმარიტი ეგზისტენციალი. იმპერიული ტექნოლოგიები ეფექტურია დღესაც. ყირიმის კონსენსუსი ნათელი მაგალითია საზოგადოების კონსოლიდაციისა მეზობელი ქვეყნის ქაოტიზაციის ხარჯზე. ბრიუსელისა და ვაშინგტონის ჩივილები მოსკოვის ჩარევის შესახებ და ამავდროულად რუსეთის მონაწილეობის გარეშე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი კონფლიქტების დარეგულირების უუნარობა აჩვენებს, რომ ჩვენს სახელმწიფოს იმპერიის ინსტინქტები არ დაუკარგავს.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო პოლიტიკურ ბაზარზე სხვადასხვაგვარი ქაოსის უმსხვილეს ექსპორტიორს წარმოადგენს აშშ-ც […] და როგორც “ფერადი რევოლუციების”, ისე სადამსჯელო ომების ექსპორტი, რომელიც თითქოს შეწყვეტილია, შეიძლება, ნებისმიერ წუთს განახლდეს, როგორც კი პოტენციური იმპორტიორები ოდნავ მაინც მოდუნდებიან. “Made in USA” ექსპერიმენტული ეთიკა ქარბუქად ატყდება თავს აფრიკელებს, აზიელებს, ჩვენს ევრაზიელებს და შფოთს იწვევს ტრადიციონალისტების გამოუწრთობ ტვინებში. ხოლო ის დიდწილად ხელოვნური აღშფოთება, რომლითაც მას ჩვენში ხვდებიან, მეჩვენება მწვავე ცნობისმოყვარეობის ნაწილად და მხოლოდ ადასტურებს, რომ ეს ექსპერიმენტული ტაქტიკა მძლავრ მადეფორმირებელ ეფექტთან ერთად, მაღალი გადამდებობითაც ხასიათდება.

[...] ჩინური თავშეკავება დისციპლინირებულ ერში დაგროვებული ქაოსის გიგანტურ რეზერვებს ნიღბავს. დიდ ჩინურ კედელს რომ მიადოთ ყური, დუღილის ხმას გაიგებთ. როგორც კი შიდა წინააღმდეგობები ზღვრამდე მიაღწევს, ჩინეთი ენთროპიის უმნიშვნელოვანეს ემიტენტად გადაიქცევა და ამ მხრივ აშშ-ის ლიდერობასაც კი დააყენებს ეჭვქვეშ. პეკინი სულ უფრო ზემოდან დაჰყურებს მსოფლიოს - და გეოპოლიტიკური ვითარებაც სულ უფრო მეტ ერს აგონებს ვულკანის სიახლოვეს ცხოვრებას: ყველაფერი კარგადაა, მაგრამ როცა ამოფრქვევა დაიწყება, ვინ იქცევა პომპეად?

ევროკავშირი, რომელიც ან ჯერ კიდევ ჩამოყალიბების, ანაც უკვე დაშლის უცნაურ კვანტურ მდგომარეობაში იმყოფება, პერსპექტივაში ასევე შეიძლება, იქცეს როგორც ქაოსის წყაროდ, ისე მის აბსორბენტად. ეს უკანასკნელი უფრო მეტადაა მოსალოდნელი, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიანი პერსპექტივისთვის - ევროკრატიული მმართველობის მყიფე და სისტემატიურად უგუნური სტრუქტურის გამო. და თუ ასე გაგრძელდა, ევროკავშირი გადაიქცევა პოლიტიკური ნაგვის უტილიზების პოლიგონად, სადაც ათასგვარი მაწანწალა და ჯაშუში თავს მოუყრის კლასობრივი და რასობრივი შუღლის მთელი პლანეტის მასშტაბით შეგროვებულ დამპალ ნარჩენებს.

დიდი ქვეყნების პოლიტიკური სისტემების მიერ სოციალური ენთროპიის გაფრქვევები, ისევე, როგორც მათი ეკონომიკების მიერ ნახშირორჟანგის გაფრქვევა, პრინციპში, კონტროლირებადია. მაგრამ რამდენად შორს უნდა წავიდეს კლიმიატური ცვლილებები და რამდენად უნდა დაიძაბოს გეოპოლიტიკური უთანხმოებები, რომ ზესახელმწიფოებმა თანაარსებობის ახალი წესები გამოიმუშავონ? ისტორიული მაგალითები დამამწუხრებელია: მიუნსტერის ზავიც, ვენის კონგრესიც, იალტის კონფერენციაც მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი და წარმატებული, რაც ქაოსმა ჯოჯოხეთის დონეს მიაღწია.

ასეა თუ ისე, აუცილებელია გავლენის სფეროების ახალი გადანაწილება. და ის (ადრე თუ გვიან, ფორმალურად თუ არაფორმალურად, საჯაროდ თუ საიდუმლოდ) აუცილებლად განხორციელდება. საკითხავი მხოლოდ ისაა, რის ფასად. სოციალური ფიზიკის თვალსაზრისით, გავლენის სფერო – ეს შეთანხმებით განსაზღვრული სივრცეა სტაბილური პოლიტიკური სისტემიდან განდევნილი ქაოსის გაფრქვევისა და უტილიზებისთვის. თუ შეთანხმება არ არსებობს, სუპერქვეყნების მიერ ჩამოყალიბებული ტურბულენტური ნაკადები ერთმანეთს ეჯახება და ამით დამანგრეველ გეოპოლიტიკურ შტორმებს იწვევს. მსგავსი შეჯახებების თავიდან ასარიდებლად თითოეული ნაკადი ცალკე კალაპოტში უნდა მიიმართოს.

ჯერ-ჯერობით კი სამყარო აგრძელებს ტკბობას თავისი მრავალპოლარულობით, პოსტსაბჭოთა ნაციონალიზმებისა და სუვერენიტეტების აღლუმით. მაგრამ შემდეგ ისტორიულ ციკლში სადღეისოდ დავიწყებული გლობალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია გადაფარავენ ამ ბინდისებრ მრავალპოლარულობას და რუსეთი მიიღებს თავის წილს მიწების (უფრო სწორად - სივრცეების) ახალ მსოფლიო შეგროვებაში, რითაც დაადასტურებს მცირერიცხოვან გლობალიზატორთა შორის ერთ-ერთი წამყვანის სტატუსს, როგორც ხდებოდა მესამე რომის ან მესამე ინტერნაციონალის ეპოქებში.

რუსეთი გაფართოვდება არა იმიტომ, რომ ეს კარგია, ან იმიტომ, რომ ცუდი, არამედ იმიტომ, რომ ეს ფიზიკაა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S