
იუსტიციის მინისტრის მოადგილე: "სტრასბურგის წერილის მიღებისას გორში გადაყვანა უკვე შეთავაზებული გვქონდა"
23/11/2021 12:21:37 პოლიტიკა, სამართალი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, უწყებამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან წერილი მას შემდეგ მიიღო, რაც მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგი ჩაატარა და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.
"სტრასბურგის სასამართლოდან აღნიშნული წერილი მივიღეთ 19 ნოემბერს, საღამოს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი ჩაატარა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით სააკაშვილს (რომელიც არ ასრულებდა სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებულ მოწოდებას) გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა", - განაცხადა ძამაშვილმა.
მისი თქმით, "სასამართლომ, აგრეთვე, დააზუსტა, რომ ორივე მხარის მიმართ დაკისრებული ღონისძიებები იყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და უპირობო, რითაც მიანიშნა მომჩივანი, რომ შიმშილობის შეწყვეტისთვის რაიმე წინაპირობის დაწესება დაუშვებელი იყო".
ბექა ძამაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს უკვე ორჯერ გაუგზავნა შუალედური ინფორმაცია, ხოლო საბოლოო ინფორმაცია გაეგზავნება დათქმულ ვადაში - 24 ნოემბრამდე.
სტრასბურგის სასამართლომ 19 ნოემბერს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რომლის თანახმად, სახელმწიფოს დაავალა, ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით ეხელმძღვანელა და მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში გადაეყვანათ. სწორედ ამ დღეს შესთავაზა იუსტიციის სამინისტრომ ყოფილ პრეზიდენტს მკურნალობის გორის ჰოსპიტალში გაგრძელება.
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ვარაუდით, მთავრობამ სტრასბურგის რეკომენდაციაზე სააკაშვილის გადაყვანამდე იცოდა.