
აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისის პარალელურად “სახელისუფლებო” და “ოპოზიციური” კრიმინალიტეტის ომი გრძელდება
24/11/2021 12:03:37 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის პარალელურად, “სახელისუფლებო” და “ოპოზიციური” კრიმინალიტეტის ომი გრძელდება.
ორიოდ დღის წინ, 21 ნოემბერს, ღამით სოხუმში, ბასარიას ქუჩაზე ავტომობილი “Honda Fit” დაიწვა. როგორც დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში განაცხადეს, ადგილზე მეხანძრეებმა და სამაშველო რაზმებმა იმუშავეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში კი იმავე დღეს გავრცელდა არაოფიციალური ცნობები იმის შესახებ, რომ ინციდენტი “კანონიერ ქურდ” თენგიზ ლაკერბაიას – მეტსახელად “თენგულიაშის” ლიკვიდაციის წარუმატებელ მცდელობას წარმოადგენდა, რომ მოხდა შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის დროსაც ერთი პირი დაიჭრა, ხოლო მანქანა, რომელიც დაწვეს, თავდამსხმელებს ჰქონდათ გამოყენებული.
"კანონიერი ქურდი" თენგიზ ლაკერბაია
მეორე დღეს დე ფაქტო შსს-მ გაავრცელა განცხადება სოხუმის “პროკურატურის” მიერ სისხლის საქმის საქმის აღძრვის თაობაზე და დაადასტურა, რომ ფაქტი სოფელ ქვემო ეშერის მკვიდრ თენგიზ ლაკერბაიაზე თავდასხმას უკავშირდებოდა.
«თავდამსხმელისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო, კერძოდ, ვინაიდან ლაკერბაიამ მოახერხა, თავი შეეფარებინა, ბოროტმოქმედმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა», – ნათქვამია დე ფაქტო შსს-ს განცხადებაში.
კიდევ მოგვიანებით ასევე არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ 21 ნოემბრის ხსენებულ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე დაჭრეს სოფელ ქვემო ეშერის კიდევ ერთი მკვიდრი – როლანდ ყოლბაია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, იგი ეცადა, შეეჩერებინა ავტომობილი, რომლიდანაც მოგვიანებით თენგიზ ლაკერბაიას ესროლეს, ხოლო თავდასხმის შემდეგ სოხუმის ცენტრში დაწვეს.
როგორც დე ფაქტო შსს-ში ირწმუნებიან, როგორც ერთ, ისე მეორე ინციდენტთან დაკავშირებით დაზარალებულებიცა და თვითმხილველებიც ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ თავად თენგიზ ლაკერბაიას სოხუმის საქალაქო სასამართლომ 2020 წელს 4,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა როგორც მიმდინარე წლის ზაფხულში ვებ-გვერდი "Прайм-Крайм" იუწყებოდა, 2021 წლის 8 ივლისს იგი გაურკვეველი მიზეზით პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
სოხუმში თვლიან, რომ ლაკერბაიაზე თავდასხმა 2019 წლის ნოემბერში ქალაქის სანაპიროზე გუდაუთის კრიმინალიტეტის ორი წარმომადგენლის - “ასტიკისა” და “ხასიკის” მკვლელობის მეორე წლისთავზე შემთხვევით არ განუხორციელებიათ და რომ ეს იყო შურისძიება. საქმე ისაა, რომ სწორედ ლაკერბაიას მოიაზრებენ ხსენებული ორი “კრიმინალური ავტორიტეტის” მკვლელობის დამკვეთად, ისევე როგორც ქემალ არძინბას, რომელიც მიმდინარე წლის მაისში საკუთარი სახლის სიახლოვეს უკვე მოკლა გუდაუთური კრიმინალური კლანის ლიდერის – რაულ ბარციცის (მეტსახელად ”პიზას”) “მარჯვენა ხელმა” ბატალ ფილიამ.
აფხაზეთში საყოველთაოდაა ცნობილი ისიც, რომ რაულ ბარციცი მოქმედი დე ფაქტო შს მინისტრის – დიმიტრი დბარის ნათესავია და შესაბამისად, “გუდაუთელების” კლანი დღეს დე ფაქტო ხელისუფლების მფარველობით სარგებლობს.
დე ფაქტო შს მინისტრი დიმიტრი დბარი
იკითხეთ ასევე: კრიზისი, როგორც ასლან ბჟანიას შანსი, ერთდროულად სამი კურდღელი დაიჭიროს
მეორეს მხრივ, ამ კრიმინალური კლანის ძლიერი გავლენის ქვეშაა თავად დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც და როგორც ვარაუდობენ, სწორედ ამის გამო ვერ გადააყენა მან თანამდებობიდან ამასწინათ ომის ვეტერანების საჯაროდ ცემის ამაზრზენი ინციდენტის უშუალო მონაწილე დიმიტრი დბარი, რის გამოც ახლა უკვე გავლენიანი ვეტერანებიც გადაიმტერა.
რაკი შურისძიება ბოლომდე ჯერ ვერ აღსრულდა, სოხუმში ელიან, რომ სისხლიანი კრიმინალური გარჩევები უახლოეს მომავალში ისევ გაგრძელდება.