კრემლის მორიგი ავანტიურა: რა უბიძგებს დასავლეთს რეაგირებისკენ

24-11-2021 17:08:45 ინტერვიუ ,ანალიზი

შიდა პოლიტიკურ პროცესებზე კონცენტრირების ფონზე ხშირად მსჯელობის მიღმა რჩება რეგიონსა თუ უშუალოდ ჩვენს სამეზობლოში სწრაფი ტემპით მიმდინარე მოვლენები, რაც ცხადია, უნდა იქცევდეს საქართველოს მკვიდრთა ყურადღებას, რადგან ის ქმნის გარემოს, რომელშიც ქვეყანას მოუწევს ყოფა, ადაპტირება, რეაგირება. მართალია საქართველოს პრემიერ–მინისტრი გვარწმუნებს, გააზრებული გვაქვს ყარაბაღის ომის მეორე ეპიზოდის შემდეგ მიღებული სტატუს–კვო, რომ რუსეთი ძლიერდება, პრაქტიკულად, „გადახურული“ აქვს რეგიონი და მუდმივ რეჟიმში გვაქვს მოსმენები უსაფრთხოების ვიწრო კაბინეტის ფორმატშიო, თუმცა რას უპირისპირებს „გაცნობიერებულ საფრთხეებს“ ქართული პოლიტიკური ლიდერშიფი, ბუნდოვანი რჩება. ბუნდოვანია ისიც, იზიარებენ თუ არა დასავლეთში მზარდ შეშფოთებას უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის თავმოყრის გამო.

უკანასკნელი ცნობებით, აშშ უკრაინაში სამხედრო მრჩევლებისა და დამატებით იარაღის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. საუბარია „ჯაველინის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების და ნაღმტყორცნების ახალი პარტიაზე, პორტატიულ საზენიტო-სარაკეტო სისტემა „სტინგერსა“ და რუსეთიდან ადრე შეძენილი „Mi-17“-ის ტიპის ვერტმფრენებზე, რომლებიც თავდაპირველად ავღანეთის არმიისთვის იყო განკუთვნილი. გარდა ამისა, CNN–ს ინფორმაციით, ამერიკული მხარე ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაწესდეს, რომელიც გავრცელდება რუსეთის ოფიციალურ პირებზე, მათ შორის ვლადიმირ პუტინსა და კრემლის საამაყო პროექტ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე.

თანამგზავრის ფოტო – 2021 წლის 1 ნოემბერი: რუსეთის არმიის კონცენტრაცია ქალაქ ელნიაში

ამასთან, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები აფრთხილებენ ნატოელ მოკავშირეებს, რომ დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებს "სულ ცოტა დრო რჩებათ" უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის აღსაკვეთად. თავის მხრივ უკრაინის სპეცსამსახურები იუწყებიან, რომ რუსეთი, რომელმაც სულ მცირე 92 ათას ჯარისკაცს და შეიარაღებას მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან, მომდევნო წლის იანვარ-თებერვალში ამზადებს თავდასხმას უკრაინაზე. ამ ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო თავდასხმა მოიცავს საარტილერიო და საავიაციო დარტყმებს, რომელსაც მოჰყვება სადესანტო ძალების იერიში აღმოსავლეთ უკრაინაზე, ასევე ოდესასა და მარიუპოლზე.

უცნაურია, მაგრამ ამ ცნობებთან წინააღმდეგობაში მოდის უკრაინის პრემიერ-მინისტრის დემის შმიჰალის ამასწინანდელი განცხადება, რომელმაც უკრაინის საზღვრის მახლობლად შექმნილ სიტუაციას დაძაბულობა უწოდა და აღნიშნა, რომ სადღეისოდ ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან თავდასხმის ნიშნებს: „სიტუაცია დაძაბულია, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ თავდასხმის ნიშნებს“.

თავის მხრივ კრემლში „ისტერიკა“ უწოდეს შეშფოთებას და აშშ დაადანაშაულეს სიტუაციის დაძაბვაში, ხოლო რუსეთის საგარეო დაზვერვამ 2008 წლის მოვლენებთან გაავლო პარალელი.

რუსეთ–უკრაინის საზღვართან ვითარება უკიდურესად მიმდინარე წლის გაზაფხულზეც დაიძაბა, როდესაც კრემლმა ანალოგიურად მოუყარა თავი სამხედრო ძალას, რაც კონფლიქტოლოგების მიერ 2015 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად ფასდებოდა, თუმცა მიუხედავად მაღალი „ტემპერატურისა“, ანალიტიკოსები იმხანად სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, უკრაინაში შეჭრასა და ფართომასშტაბიან ომს არ პროგნოზირებდნენ.

„მას შემდეგ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი შეიცვალა“,– ამბობს „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, წარსულში საქართველოს ელჩი უკრაინაში, რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი და ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ გაზაფხულზე იგმავეს კრემლი ახორციელებდა დემონსტრაციულად, რადგან რეალური მოტივი რუსეთის საგარეო პოლიტიკის „უმაღლეს ლიგაში“ დაბრუნება იყო, რასაც ანალიტიკოსის აზრით, მიაღწია კიდეც: დემონსტრაციული სამხედრო მანევრების შემდეგ შედგა ვლადიმირ პუტინის შეხვედრა აშშ–ის პრეზიდენტთან ფინეთში:

„მაშინ ეს რუსეთში გამარჯვებად, გლობალური მოთამაშის სტატუსის დაბრუნებად ჩაითვალა. ახლა კი მობილიზების პროცესი გაცილებით ფარულად ხდება, ელიტური ნაწილები იღებენ მონაწილეობას გადაადგილებასა და მზადების პროცესში, რამაც შიშები გაამყარა როგორც უკრაინაში, ისე დასავლეთში“.

პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, ამ შემთხვევაში ვლადიმირ პუტინი შესაძლოა, იმედს ამყარებდეს რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულებაზე, რაც მას მანიპულაციის შესაძლებლობას აძლევს. ჩეჩელაშვილი კი მიიჩნევს, რომ კრემლის ლიდერისთვის მთავარი ფაქტორი რუსეთის შეკავების და სანქციების გამკაცრების პოლიტიკის მიმართ იგივე „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ნაკლები სოლიდარობაა. ამ კონტექსტში ანალიტიკოსს მაგალითად მოჰყავს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებები დონბასში ვითარების დარეგულირებაში რუსეთის პოზიტიური როლის თაობაზე (მით უფრო, რომ ასეულობით რუსი ჯარისკაცი იბრძვის რეგიონში და ეს დასავლეთისთვის ცნობილია) და ევროკავშირის ლიდერების წინააღმდეგობრივი პოზიციონირება. გარდა ამისა, ანალიტიკოსი შეგვახსენებს, რომ რუსეთი ავტოკრატიული ქვეყანაა, ევროპაში კი დემოკრატიული ინსტიტუტები, შეთანხმების პროცედურები მოქმედებს. ამდენად გადაწყვეტილების მიღება–აღსრულების ტემპი და ხსენებული არც თუ ადეკვატური სოლიდარობა კრემლს დამატებითი მანევრირების სივრცეს უქმნის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად შეშფოთების მიზეზები გაცილებით მაღალი ხარისხისაა, ანალიტიკოსი ეჭვობს პუტინმა მსგავსი ღია აგრესიის წამოწყება გაბედოს, დაკავშირებულია რა ეს რუსეთისთვის მაღალ რისკებთან, მასშტაბურ დანაკარგებთან, ხოლო ევროპას ამჯერად უკრაინის „ჩაყლაპვით“ შექმნილი მყისიერი რისკები აიძულებს რეაგირებას.

ამასთან, მისი დაკვირვებით, არც რუსეთის პროპაგანდისტულ არხებზე იგრძნობა შესაბამისი იდეოლოგიური მზადების პროცესი.

„თუ რუსეთს მიზნად რეალურად აქვს უკრაინაზე შეტევა, ეს ნიშნავს, რომ კრემლში მეოცნებეები სერიოზულად განიხილავენ „ნოვოროსიის“ პროექტის რეალიზებას, რაც გულისხმობს სახმელეთო დერეფნის გაჭრას ყირიმზე, შემდეგ გაგრძელებული ოდესის ოლქით დნესტრისპირეთამდე, რომ ამდაგვარად ჩამოეჭრას უკრაინას შავი ზღვის სანაპირო. ეს იმდენად დრამატული სცენარია, რომ რუსეთი ძალიან მძიმე საერთაშორისო სანქციებს წააწყდება: თუ ევროპაში ომი გაჩაღდა, მაშინ მათ შორის გაზი და ნავთობი სულ სხვა განზომილებაში შეფასდება: ამ ავანტიურით რუსეთი პრაქტიკულად შევა ცენტრალურ ევროპაში და წარმოიქმნება მყისიერი საფრთხე. ევროპას არ აქვს ფუფუნება, ეს „გადაყლაპოს“ და გარემოება აიძულებს, მოახდინოს რეაგირება. რუსეთი კი ცდილობს, საკუთარი თავი დაუპირისპიროს აშშ–ს, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელშიც რუსეთის გარდა 6 ქვეყანა შედის – ნატო–ს, მაგრამ ძალთა რესურსული შედარება კრიტიკას ვერ უძლებს: მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი $10 ტრილიონია, მათგან 50 ტრილიონი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებზე მოდის, ხოლო უშუალოდ აშშ–ზე – $25 ტრილიონი, $1,7 რუსეთზე. რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი დაახლოებით $60 მილიარდია, აშშ–ის – $800 მილიარდამდე. ამას ემატება ნატო–ს ქვეყნების რესურსები. ამასთან, რუსეთს თავისი შიდა პრობლემები აქვს: ნავთობი და გაზი უძვირდება, საბჭოთა კავშირის ყოფილი საბადოები იწურება, ახალი საბადოების მოპოვება კი გაცილებით ძვირია; ბაზრებზე კონკურენცია სერიოზულად უჭირს; პლუს რეგიონული, ნაციონალური სეპარატიზმი, დემოგრაფიული პრობლემები, ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა... ავტორიტეტული რუსი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რუსეთის სეროზული რღვევის ტენდენციები 2028–2030 წლებში დაიწყება, რამაც ქვეყანა 2035 წლამდე შესაძლოა, დაშლამდე მიიყვანოს. ხოლო ეს ავანტიურა [უკრაინაში შეჭრა] წარმოუდგენელი გამოწვევა იქნება მისთვის. ამდენად, ვფიქრობ, კვლავ ძალის დემონსტრირებას ვადევნებთ თვალს, „ვარ გლობალური და არა რეგიონული მოთამაშე, ჩემს მოსაზრებებს ანგარიში უნდა გაუწიოთო“.

ანალიტიკოსი წუხს, რომ საქართველი ჯერ კიდევ მწვავე პოლიტიკურ კრიზისის სტადიაზეა და ადეკვატურ ყურადღებას არ უთმობს მის ირგვლივ მიმდინარე დრამატულ პროცესებს:

„უკრაინა დღეს იცავს არა მხოლოდ საკუთარ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ იცავს ევროპას, ბელარუსს, მოლდოვას და საქართველოს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი ახლა სადღაც სხვაგან იბრძვის და ეს ჩვენ არ შეგვეხება, ძალიან მიამიტური პოზიციაა. 2008 წელს იუშჩენკო [უკრაინის იმჟამინდელი პრეზიდენტი – რედ.] ჩვენთან ერთად იყო, მაგრამ რიგი ექსპერტები, მათ შორის უკრაინაში ფიქრობდნენ, „სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, ჩვენთან იგივე არ მოხდება“. ლავროვმა 2008 წლის სექტემბერში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას თქვა, „ჩვენ ვცნობთ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს, უბრალოდ ქართველები უნდა დაგვესაჯა, რადგან ეს სხვა გარემოებაა: მათ აწარმოებს ეთნიკურ წმენდა (რაც მტკნარი სიცრუე იყო და შემდეგ დადასტურდა), სააკაშვილი იყო დასასჯელი, მაგრამ იმავეს სხვების მიმართ არ გავაკეთებთო“. მაშინ პოსტსაბჭოთა ტოტალიტარულ სივრცეში და დასავლეთშიც ბევრმა შვებით ამოისუნთქა. დრეს უკრაინაა ფორპოსტი, სადაც დემოკრატია ებრძვის ავტორიტარიზმს და უკრაინის მარცხი, ჩვენი მარცხი იქნება – ძალიან დაუცველები დავრჩებით. მოვლენათა მძიმე სცენარით განვითარების შემთხვევაში რა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და ნატო–ს გავლენებზე შეიძლება საუბარი, როდესაც სანაპიროს ნახევარზე მეტი რუსეთის ხელთ იქნება თავის ბაზებით და გეოპოლიტიკით. ამდენად, ეს მოვლენები არა თუ არ გვეხება, სწორედ რომ კავშირშია ჩვენთან“.

ჩეჩელაშვილის აზრით, მიუხედავად იმისა, მოვლენათა განვითარების რა სცენარებს განიხილავს საქართველოს ხელისუფლება, ამჟამად დუმილის დრო არ არის და მკაფიო, ღია მხარდამჭერი გზავნილების გაჟღერება მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ორჭოფობა არა თუ მხოლოდ რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს ქვეყანას, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ იმუშავებს:

„ყირიმის პლატფორმაზე პრემიერის გამოსვლა მართლაც ძალიან ძლიერი იყო და მეგონა, ახალი ეტაპიც დაიწყო, მაგრამ ეს სამწუხაროდ, ორმხრივი ურთიერთობების მთელ ჯაჭვში გამონაკლისად დარჩა. ახლახან დავბრუნდი უკრაინიდან, შეხვედრებზე ვცდილობდი მათ დარწმუნებას, რომ საქართველოში საფრთხეს იაზრებენ და რომ მათ გვერდში ვდგავართ, მაგრამ ერთი ცალკე აღებული პოლიტოლოგის შეფასებები ცხადია, საკმარისი არ არის. ახლა უნდა იყოს ინტენსიური კონსულტაციები ყველა დონეზე: ევროპასთან, უკრაინასთან პრეზიდენტის, პრემიერის, საგარეო საქმეა მინისტრის დონეზე. ისინი უნდა გრძნობდნენ მხარდაჭერას. სამწუხაროდ, ჩვენ დავკარგეთ ის განსაკუთრებული ნდობა, რასაც წლების განმავლობაში ვაშენებდით“.

ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ სწორედ ახლაა დრო, საქართველომ ყოყმანის გარეშე დაიკავოს ადგილი „ბარიკადის“ სწორ მხარეს და წუხს, რომ მიუხედავად საერთო ეგზისტენციალური გამოწვევისა, დღეს სტრატეგიულ მოკავშირესთან ურთიერთობებში საქართველოს ავტორიტეტი მხოლოდ უკრაინაში მებრძოლი ქართველი ბიჭების თავგანწირვაზე გადის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები