აბაშიძემ და კარასინმა, მათ შორის „3+3“ ფორმატზეც ისაუბრეს

24-11-2021 20:12:33 საგარეო პოლიტიკა

რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლ ზურაბ აბაშიძისთან შეხვედრაზე „3+3“ ფორმატზე ისაუბრა. შეხვედრა დღეს, 24 ნოემბერს ონლაინ–ფორმატში გაიმართა.

„რუსული მხარე დაინტერესდა, თუ როგორია ქართული მხარის დამოკიდებულება ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმისა (3+3) და ამ კონტექსტში გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიებების მიმართ, რაზეც ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას ქართული მხარე არ განიხილავს“,– ნათქვამია შეხვედრის თაობაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში.

გარდა ამისა, როგორც რელიზში ვკითხულობთ, მხარეებმა განიხილეს ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ქონებრივი და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები. თუმცა, აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზეც. კერძოდ, პრეს–სამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება, ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები, მათ შორის უკანონო დაპატიმრებები და ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია:

„ხაზგასმით ითქვა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს“.

რელიზის მიხედვით, საუბრისას აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობებში ორ ქვეყანას შორის 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში შეინიშნებოდა პოზიტიური დინამიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით: სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 21.9%-ით და 1,294 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. კერძოდ, ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 37,2%-ით და შეადგინა 481,82 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 14,3%-ით და შეადგინა 812,18 მლნ. აშშ დოლარი. გაზრდილია სატვირთო გადაზიდვებიც.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე:

„აღინიშნა, რომ ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიებზე და მისასვლელ გზებზე მიმდინარე სარემონტო და ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა არ უნდა შეამციროს სატრანსპორტო მოძრაობისა და სატვირთო გადაზიდვების მოცულობა, რისთვისაც საჭიროა მხარეთა შეთანხმებული ქმედება. საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ” 2011 წლის შეთანხმებას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და შეთანხმების იმპლემენტაციას“.

ამავე ინფორმაციით, პრაღის ფორმატში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები