მინისტრი – უვადო „მწვანე“ სტატუსზე: „ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ“

25-11-2021 13:37:02 პოლიტიკა

მეიუხედავად ექიმების კრიტიკისა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ყველა კოვიდ–გადატანილი პირისთვის „მწვანე“ სტატუსის უვადოდ მინიჭებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ არის ცუდი გადაწყვეტილება, "დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ჰქონდეთ".

მისი თქმით, საქართველოში გარკვეულ დაწესებულებებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში იმოქმედებს პასპორტი, რომლის ვარგისიანობის ვადა არის 6 თვე.

„ჩვენ ვართ ქართველები და არა მგონია ვინმეს ეს უკვირდეს, ჩვენ ყველას გაგვაჩნია ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება. მე პირადად ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და თუ ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით მარტივია გაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში ეს რატომღაც დღემდე რთულია. აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში, ალბათ, არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ - საქართველოში გარკვეულ დაწესებულებებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში ჩვენ დაგვჭირდება გამოვიყენოთ ის ბაზა, რომელსაც საქართველო წარმატებით დაუერთდა და ამ პასპორტების ვარგისიანობის ვადა არის 6 თვე.

ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს, ასევე დავაკვირდებით საზოგადოების აღქმებს და დამატებით გადაწყვეტილებებს კიდევ მივიღებთ საბჭოზე. გადაწყვეტილება შეიცვლება იმის მიხედვით, რა საჭიროებაც გამოიკვეთება. კოვიდგადატანილების სოციალურ აქტივობებთან დაკავშირებით, მსოფლიოში ჯერჯერობით არ არსებობს გარკვეული მოდელი თუ რა შეიძლება გადაწყდეს ათვლის მომენტად, რომ მათ აქვთ გადატანილი, ან რა რაოდენობის ანტისხეულების რაოდენობა შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენ იმ ანტისხეულების რაოდენობად, როდესაც მათ არანაირი რისკი არ ექნებათ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ ინფორმაციას და თუ იქნება რეგულაციები და ასევე ნიშნული, რაც შეიძლება განისაზღვროს ამ პასპორტის მინიჭების საშუალებად, ჩვენ მივიღებთ ამასთან მიმართებაშიც გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის: იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ კოვიდგადატანილისთვის უვადოდ „მწვანე“ სტატუსის მინიჭება წარმოუდგენელია, ვინაიდან კვლევების თანახმად, კორონავირუსის გადატანიდან 6-8-თვიანი პერიოდის შემდეგ რეინფიცირების რისკი მატულობს:

"პოზიცია იყო მკაფიო დაფიქსირებული საკოორდინაციო საბჭოზე ექვსთვიან ვადასთან დაკავშირებით. ბატონ ამირან გამყრელიძეს მოსაზრება და რეკომენდაცია იყო ექვსთვიანი ვადა. ეს არის ის უნივერსალური ვადა, რომელიც მიღებულია ყველა ქვეყანაში. არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს მსგავს 1-წლიან პერიოდს. საერთოდ წარმოუდგენელია ილაპარაკო უვადოზე, ეს, მგონი, რაღაც ტექნიკური ხარვეზი ან გაუგებრობაა. აუცილებლად ეს შესწორდება, ეს არაა წითელა, გადაიტანე და მთელი ცხოვრება თავისუფალი ხარ. კორონავირუსი ძალიან შორსაა კორონავირუსისგან. ეს ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამ მხრივ საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილება დიამეტრულად განსხვავდება სამედიცინო ხედვისგან".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები