მოსკოვი თბილისთან ურთიერთობების თემაზე განცხადებას ავრცელებს

25-11-2021 15:28:13 საგარეო პოლიტიკა

მოსკოვს იმედი აქვს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები "ხელს შეუწყობს ანტირუსული გამოვლინებების შეწყვეტასა და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის პირობების შექმნას"

რუსეთს საქართველოში "შიდა პოლიტიკური ვითარების ნორმალიზების იმედი აქვს", - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიერ აბაშიძე-კარასინის ფორმატის მორიგი შეხვედრის შედეგების შემაჯამებელ პრეს-რელიზშია ნათქვამი.

«რუსული მხრიდან გამოითქვა იმედი, რომ საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხელს შეუწყობს ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვითარების სტაბილიზებას, ანტირუსული გამოვლინებების შეწყვეტასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის პირობების შექმნას», – ნათქვამია პრეს-რელიზში.

ფედერაციის საბჭოს ინფორმაციით, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს "ზემო ლარსი-ყაზბეგის გამტარ პუნქტზე ტვირთბრუნვის ოპტიმიზაციის საკითხზე 2021 წლის 21 ოქტომბერს გამართული თათბირის შედეგები და გადაწყვეტილება, განაგრძონ კოორდინაცია სატრანსპორტო კავშირის სამომავლო გაუმჯობესების კუთხით".

რაც შეეხება რეგიონული თანამშრომლობის ფორმატ «3+3»-ს (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, ირანი, თურქეთი), როგორც პრეს-რელიზშია აღნიშნული, "რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების განბლოკვის შესაძლებლობას".

  • თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მანამდე განაცხადა, რომ საქართველო ხსენებულ ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს.

პრეს-რელიზში ასევე აღნიშნულია, რომ «მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი ინტერესი მოსკოვში საქართველოს და თბილისში რუსეთის დიპლომატიური უძრავი ქონების პრობლემების მოგვარების კუთხით».

აბაშიძე-კარასინის ფორმატის მომდევნო შეხვედრა 2022 წლის გაზაფხულისთვისაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები