საქართველომ ევროპის საბჭოში რუსეთის საკითხზე გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა

17-05-2019 14:26:25 , , ,

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების გადაწყვეტილებას თბილისმა მხარი არ დაუჭირა. 

"აუცილებელია, ევროპის საბჭო დარჩეს პრინციპების ერთგული და ქვეყნებს, რომლებიც არ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს, მოეთხოვოთ პასუხი. სწორედ ამიტომ, საქართველომ უკრაინასთან და ბალტიის სახელმწიფოებთან ერთად მხარი არ დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებას რუსეთთან დაკავშირებით", – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველო ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 14 მაისს გამართულ მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე უკრაინასთან, ლიეტუვასთან, ლატვიასა და ესტონეთთან ერთად აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგი წავიდა.

„ამ საკითხზე იმსჯელა მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა და უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვიყავით სრულ თანხვედრაში ჩვენს უკრაინელ და ბალტიელ კოლეგებთან. გვქონდა ერთიანი პოზიცია, როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს და ბალტიის სამივე ქვეყანას – ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ამ ინიციატივას. მინისტერიალზე ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, თუ რატომ არ დავუჭირეთ მხარი ამ გადაწყვეტილებას, რადგან ვთვლით, რომ აუცილებელია ეს ორგანიზაცია დარჩეს პრინციპების ერთგული, დარჩეს ერთგული იმისა, რომ ქვეყნებს, რომლებიც არ ასრულებენ ვალდებულებებს, მათ ამაზე უნდა მოეთხვოთ პასუხი. სწორედ ამიტომ არ დავუჭირეთ მხარი ამ გადაწყვეტილებას და სწორედ ამაზე იყო აგებული ჩემი გამოსვლაც, სადაც ვისაუბრე საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ჭრილში რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, რუსეთის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა მიიღოს და იმედი გამოთქვა, რომ დელეგატები ამ გადაწყვეტილებაზე გააკეთებენ შესაბამის შეფასებებს.

რაც შეეხება მინისტერიალში საქართველოს დეგელაციის მონაწილეობას, დავით ზალკალიანი განცხადებით, მინისტერიალზე საქართველო-რუსეთის კონფლიქტის თემა ფართოდ იყო წარმოდგენილი, შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მაღალი დონის მონაწილეობა სესიაში. კერძოდ მინისტერიალმა დაამტკიცა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში, სადაც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე, ასევე მინისტერიალის დღის წესრიგი საუბრობს მიმდინარე წლის 2 მაისს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, ასევე კონფლიქტზე საუბრობს მინისტერიალის დეკლარაციაც. 

„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გამომდინარე იქიდან, რომ მინისტერიალზე რამოდენიმე გადაწყვეტილება იყო საქართველოს შესახებ წარმოდგენილი, საქართველოს კონფლიქტის შესახებ საუბარია დეკლარაციაში და ბუნებრივია, ამ ფორუმში ჩვენი მონაწილეობა, მათ შორის მომავალი თავმჯდომარეობის კონტექსტში, იყო მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის: 17 მაისისთვის ჰელსინკიში დაგეგმილ სხდომაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების გადაწყვეტილება, საბოლოოდ ყოველგვარი ცვლილებებისა და განხილვების გარეშე უნდა დამტკიცდეს.


ახალი ამბები

სხვა სიახლეები