სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების წარმომადგენლების ვიზიტები თურქეთში: რამდენად საფუძვლიანია სეპარატისტთა ოპტიმიზმი

01-12-2021 18:59:12 კონფლიქტები ,ანალიზი

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელი დიმიტრი მედოევი, რომელმაც ახლახანს იტალიაში "სამუშაო ვიზიტი" დაასრულა, ამჯერად თურქეთს სტუმრობს. როგორც ოსური დე ფაქტო უწყების პრეს-სამსახური იუწყება, "ვიზიტი" თურქეთის ოსური თემის ხელმძღვანელობის მიწვევით იმართება და მის ფარგლებში რიგი შეხვედრებია დაგეგმილი, რომლებზეც, მათ შორის, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

ნოემბრის შუა რიცხვებში კი, პირველად ომისშემდგომ პერიოდში, აფხაზური "საპარლამენტო" დელეგაცია თურქეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ვიხილეთ. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაარკვია, აფხაზი "დეპუტატები” რუსული პასპორტებით ეწვივნენ თურქეთის რესპუბლიკას, სადაც კერძო ხასიათის შეხვედრები გამართეს ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებთან და ეთნიკურ აფხაზებთან.

აფხაზური დელეგაციის წევრმა - "დეპუტატმა" ასტამურ ლოგუამ მაშინ ამ ვიზიტს ისტორიული უწოდა და ანკარასთან სამომავლო ურთიერთობების საკითხზე ოპტიმისტური პროგნოზები გააკეთა.

კერძოდ, ლოგუამ უამბო ჟურნალისტებს, რომ დელეგაცია შეხვდა არა მარტო აფხაზური წარმომავლობის დეპუტატებს, არამედ სხვებსაც, რომ “თურქ კოლეგებთან მთელი რიგი ერთობლივი ინიციატივები განიხილეს", რომ "თუ ღმერთი ინებებს, მომავალ წელს აფხაზეთი თურქი დეპუტატების დიდ დელეგაციას უმასპინძლებს" და რომ „ეს მეგობრობის დიდი გზის დასაწყისია".

რამდენად აქვს რეალური საფუძველი აფხაზი "დეპუტატის" ოპტიმიზმს?

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი, რომელიც თურქეთის შიდა პოლიტიკას კარგად იცნობს, საქმიანობდა რა მეზობელ ქვეყანაში, მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ ეს უფრო ილუზიის შექმნის მცდელობაა, თუმცა თავად ფაქტს „არასასიამოვნოს“ უწოდებს.

„მათ დიასპორა ჰყავთ თურქეთში, მათგან ვიღაც იცნობს რომელიმე დეპუტატს - და შეხვდნენ“,– ბატიაშვილის დაკვირვებით, სწორედ ამგვარად ხდება მსგავსი შეხვედრების ორგანიზება. ამასთან, იგი არ ელის, რომ ეს პროცესები რაიმე მასშტაბურ სახეს მიიღებს.

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე კი ამ პროცესებში რუსეთის პარლამენტის ჩართულობას უსვამს ხაზს.

„აქ ისიც საკითხავია, თურქეთში იციან თუ არა, ვის შეხვდნენ და რას წარმოადგენენ ეს ჯგუფები. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ თურქეთში არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ლობირებენ სეპარატისტებს. ასევე არსებობენ აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც გარკვეულწილად სოლიდარულნი არიან აფხაზეთის „სუვერენიტეტისადმი“ და ცდილობენ თურქულ–აფხაზური ურთიერთობების (უპირველესად ეკონომიკურ–სავაჭრო) ინტენსიფიკაციას“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას გობრონიძე.

იხილეთ ასევე: ვინ ითხოვს თურქეთში ამერიკული ბაზების დახურვას, აფხაზეთის აღიარებასა და ყირიმის რუსულად ცნობას

ექსპერტი თვლის, რომ საქართველო–თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა ოფიციალურ თბილისს ამ კუთხით მოდუნების საფუძველს არ აძლევს:

„როგორც დიპლომატიურ, ისე საპარლამენტო დონეზე აქტიურად უნდა ვიმუშავოთ, მათ შორის - თურქეთის რესპუბლიკასთან, რომ მსგავსი ფაქტები არ ხდებოდეს. იცით, რომ იგივე იტალიაში სეპარატისტებს წარმომადგენლობები აქვთ გახსნილი. გასაგებია, რომ ბინას ქირაობენ, არქმევენ "წარმომადგენლობას" და ეს ჯამში არაფერს ცვლის. მაგრამ ეს ჩვენთვის საერთაშორისო ასპარეზზე იმიჯის სერიოზული შელახვაა. ეს არის საკითხი, რომელზეც მთავრობა და ოპოზიცია ერთ ხმაში უნდა საუბრობდნენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ჩვენი მხრიდან დაფიქსირდეს მკაფიო პოზიცია, გაკეთდეს ყველა საჭირო განმარტება, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მმართველების ნებისმიერი პროპაგანდისტული მცდელობა, საერთაშორისო დონეზე რაღაც ლეგიტიმაციას მიაღწიონ, ქართული სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი დიპლომატიური არხის გამოყენებით ჩანასახშივე უნდა აღიკვეთოს. საამისოდ შესაბამისი ბერკეტები გაგვაჩნია“.

გობრონიძე გვახსენებს, რომ წარსულში ოკუპირებულ აფხაზეთს ბევრად მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდა თურქეთთან, ვიდრე რუსეთთან, იყო „ბენეტონის“ ფილიალის გახსნის მცდელობაც, რაც პროტესტის შემდეგ აღიკვეთა. ამდენად, ხსენებული "ვიზიტები", მისი აზრით, საყურადღებოა და ქართული მხრიდან სათანადო რეაგირებას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოგუას ოპტიმიზმი ურთიერთობის გაფართოების თაობაზე შესაძლოა, საფუძვლიანად იქცეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები