აფხაზეთში მოსკოვთან ინკორპორაციის კურსით უკმაყოფილოთა მიმართ რუსულ-ბელარუსული ყაიდის რეპრესიები დაიწყო

03-12-2021 16:07:39 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში, რომლის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რუსეთთან ინკორპორაციაზე აიღო კურსი და ამით როგორც პოლიტიკური სპექტრის, ისე საექსპერტო საზოგადოებისა და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის რისხვა გამოიწვია, რეპრესიები დაიწყო - იმის მსგავსი, როგორსაც ბოლო დროს პუტინის რუსეთსა და ლუკაშენკოს ბელარუსში სისტემატიურად ვხედავთ.

"აქცენტის" ინფორმაციით, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ სოხუმელების ყურადღება მიიქცია სხვადასხვა უბანში, მათ შორის საცხოვრებელ ეზოებში გაჩენილმა უცნაურმა მოწყობილობებმა, რომლებიც მანამდე იქ არავის უნახავს. მოგვიანებით გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ეს რუსული ФСБ-ს წარმომადგენლების მოსასმენი აპარატურა იყო. ხოლო ოფიციალური განმარტება ამის თაობაზე ამ დრომდე არავის გაუკეთებია.

იმავე პერიოდში რუსული ФСБ-ს წარმომადგენლებმა სამმართველოში მოქალაქეების, მათ შორის მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების დაბარება დაიწყეს. ამას დაკითხვა არ ერქვა - რუსული ФСБ-ს წარმომადგენლები "უბრალოდ გასაუბრებას" უწოდებდნენ. იმხანად მათ არავინ დაუკავებიათ: დაშინების მიზნით წარმოებული ხანგრძლივი და მძიმე საუბრების შემდეგ მოქალაქეებს უშვებდნენ.

გუშინ კი დაკავების პირველი ფაქტები დაფიქსირდა: "აქცენტის" ინფორმაციით, დაკავებულია ანჟელა ბრანძია და ლოლიტა ხალვაში, რომელთა მიმართაც დე ფაქტო პროკურატურამ რუსული ФСБ-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეები "აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლების შეურაცხყოფის" მუხლით აღძრა.

ქალებს ოქტომბრიდან მოყოლებული, ინტერნეტ-მედიასა და სოცქსელებში ფსევდო-ავტორობით "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას და დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების "შეურაცხმყოფელი" პუბლიკაციების განთავსებას ედავებიან.

"აქცენტის" ინფორმაციით, დაკავებები წუხელ, გვიან ღამით განხორციელდა. ხალვაშის ასაყნავად მის ბინაში 25-მდე ძალოვანი იყო მისული. მეორე დაკავებულის ბინის ჩხრეკის დროს კი მოხდა სროლაც, დაიჭრა ადამიანი. შედეგად დღეს "პრეზიდენტმა" ბჟანიამ თანამდებობიდან გადააყენა ტურიზმის "მინისტრის" მოადგილე, რომელიც ამ ისტორიაში იღებდა მონაწილეობას.

იხილეთ ასევე: წუხანდელი ჩხრეკისა და შეიარაღებული ინციდენტის შემდეგ აფხაზეთში უკვე მესამე მაღალჩინოსანი გადააყენეს

სოხუმში თვლიან, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და კრიტიკულად განწყობილთა მიმართ რეპრესიები, რაც ბოლო პერიოდამდე აფხაზეთისთვის სრულიად უცხო მოვლენა იყო, სამომავლოდ მხოლოდ გაძლიერდება.

ამ ყველაფრის მიზეზად კი მიიჩნევენ ადგილობრივთა არსურვილს, უხმოდ დაემორჩილონ დე ფაქტო ხელისუფლებას, რომელმაც კრემლის ზეწოლით რუსეთთან ინკორპორაციაზე უკვე ღიად აიღო გეზი. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ სამეცნიერო და შემოქმედებით ინტელიგენციასთან შეხვედრაზე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთს “მოუწევს, თავისი სუვერენიტეტი რუსეთს გაუნაწილოს” და “არსობრივად, ეს უკვე გააკეთა კიდეც”:

“საინტეგრაციო პროცესები – ეს არის ის, რასაც სხვაგვარად არააბსოლუტური სუვერენიტეტი შეგვიძლია, ვუწოდოთ. ანუ, მოგვიწევს, ჩვენი სუვერენიტეტი [რუსეთს – რედ.] გავუნაწილოთ. და ამაში ვერავითარ ტრაგედიას ვერ ვხედავ, ვხედავ მხოლოდ პლუსებს. არსობრივად, ჩვენ ის უკვე გავუნაწილეთ კიდეც: საგარეო პოლიტიკის საკითხები, რუბლის ზონა… თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხითაც გაკეთდა უკვე ბევრი რამ, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი… ვიმეორებ, ამაში მხოლოდ პლუსებს ვხედავ, რადგან ჩვენთვის ძვირი “სიამოვნებაა”, განუხორციელებელი ღონისძიება, თავად ვარჩინოთ თანამედროვე შეიარაღებული ძალები…»- განაცხადა ბჟანიამ.

მისი საუბრის ამსახველმა ვიდეორგოლმა, რომელიც სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში გავრცელდა, აფხაზეთში აფეთქებული ბომბის ეფექტი იქონია. არაერთმა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ უკვე გაავრცელა საპროტესტო განცხადებები. მეტიც, ოპოზიციურმა “სახალხო-პატრიოტულმა” კავშირმა დე ფაქტო პრეზიდენტს შეახსენა, რომ “აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული საჯარო განცხადებები წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც სს კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის II ნაწილითაა გათვალისწინებული”.

“რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში ინტეგრაციის” გზით რუსეთთან ინკორპორაციის მიმართ ხალხის განწყობაზე მეტყველებს ამ დღეებში გამოქვეყნებული უამრავი ინტერნეტ-პოსტი და კომენტარიც, რომელთა ავტორებს, როგორც ჩანს, უახლოეს ხანებში ხალვაშისა და ბრანძიას ბედი ელით.

და მართალია, “პრეზიდენტმა” ბჟანიამ 2 ნოემბერს მის მიმართ რისხვის ჩაცხრობა მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ მოძულებული დე ფაქტო შს მინისტრის – დიმიტრი დბარის გადაყენებით სცადა, თუმცა თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ კრიტიკული ინტერნეტ-პუბლიკაციები არც გუშინ შეწყვეტილა და დღესაც გრძელდება, მოსახლეობის დაშოშმინება ასე ადვილი არ იქნება.

თუმცა კიდევ უფრო რთულია, შეაჩერო აფხაზეთის “სტრატეგიული მეგობარი” რუსეთი, რომელსაც, თუ დაწყებული რეპრესიებით ვიმსჯელებთ, მოსახლეობის აზრი და ნება ძალიან ნაკლებად ადარდებს. “აქცენტის” ინფორმაციით, კრემლის “რუხ კარდინალად” ცნობილი ვლადისლავ სურკოვის “კადრმა” ინალ არძინბამ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოსკოვის მოთხოვნით დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა, ორიოდ დღის წინ “პრეზიდენტის” ადმინისტრაციაში საგანგებო თათბირი ჩაატარა, რომელსაც, მათ შორის, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელობაც ესწრებოდა.

ინალ არძინბამ შეახსენა შეკრებილთ, რომ რუსეთთან გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე ძალოვანები მთლიანად მოსკოვიდან ფინანსდებიან, ისევე, როგორც სხვა დე ფაქტო უწყებების უმრავლესობაც და “თუკი რუსეთთან ინკორპორაციის გზაზე თუნდაც ერთი უმნიშვნელო წინაღობა გაჩნდება, ჯერ დაფინანსების ყველა “ონკანი” გადაიკეტება და მათთან ერთად საზღვრებიც, ხოლო შემდეგ დაიწყება მოვლენები, რომლებიც წარმოსადგენადაც კი არაა სასიამოვნო”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები