წუხანდელი ჩხრეკისა და შეიარაღებული ინციდენტის შემდეგ აფხაზეთში უკვე მესამე მაღალჩინოსანი გადააყენეს

03-12-2021 17:04:56 კონფლიქტები

წუხელ სოხუმის ახალ რაიონში მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის მინისტრის მოადგილე დათო ქაჯაია თანამდებობიდან გადააყენეს, - იუწყება "ТАСС"-ი დე ფაქტო გენპროკურორ ადგურ აგრბაზე დაყრდნობით. «Апсныпресс» კი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ასევე დე ფაქტო შს მინისტრის მოადგილის - რაშ ცვიჟბას გადაყენებისა და "პრეზიდენტის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის - ზურაბ ქაჯაიას მიერ გადადგომის შესახებ განცხადების დაწერის შესახებ იტყობინება.

წუხანდელი ინციდენტის შედეგად მსუბუქი ჭრილობა მიიღო სოხუმის მკვიდრმა, რომელსაც ჰოსპიტალიზება არ დასჭირვებია.

მანამდე სოცქსელებში მასობრივი ჩხუბის ამსახველი კადრები გავრცელდა. თანდართულ ტექსტში ნათქვამია, რომ ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა სამართალდამცველები მოქალაქე ანჟელა ბრანძიას ბინაში მივიდნენ ჩხრეკის ჩასატარებლად.

ბრანძიასა და კიდევ ერთი მოქალაქის - ლოლიტა ხალვაშის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა "ხელისუფლების წარმომადგენლების შეურაცხყოფის" მუხლით, რის მიზეზადაც ანონიმი ავტორების მიერ Facebook-ში გამოქვეყნებული კრიტიკული პუბლიკაციები იქცა. როგორც დე ფაქტო პროკურატურის დადგენილებაშია აღნიშნული, საქმეები "უშიშროების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზეა აღძრული". დე ფაქტო პროკურატურის ვერსიით, ერთ-ერთ ასეთ პოსტში ნათქვამი იყო, რომ "ასლან ბჟანია დეზერტირია", მეორეში - რომ "ეს მანიაკი სააკაშვილზე უარესი აღმოჩნდა».

იხილეთ ასევე: აფხაზეთში მოსკოვთან ინკორპორაციის კურსით უკმაყოფილოთა მიმართ რუსულ-ბელარუსული ყაიდის რეპრესიები დაიწყო

თავად ლოლიტა ხალვაში ირწმუნება, რომ სოცქსელში საერთოდ არაა წარმოდგენილი. როგორც ქალმა «Аидгылара News»-ს უამბო, სამართალდამცველები მასთან ღამით სრულიად მოულოდნელად მივიდნენ და ჩხრეკის ჩატარება მოითხოვეს, რისთვისაც ოჯახს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ვითარება კი იმ დროს დაიძაბა, როცა ადგილზე გაჩნდა მისი მეზობელი - დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ კოკაია ქალისა და მისი ოჯახის წევრთა ხმამაღალი ლანძღვა-გინებით.

ამ ამბის გახმაურების შემდეგ დე ფაქტო პრეზიენტის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. როგორც სოცქსელში "დეპუტატი" ვალერი აგრბა წერს, მისი კოლეგების ჯგუფს შეატყობინეს ანჟელა ბრანძიას სახლში განხორციელებული არასანქცირებული შეჭრის შესახებ. «ხალხი ჩიოდა, რომ ირღვეოდა მათი კონსტიტუციური უფლებები, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ჩინოსნებისა და რიგი დეპუტატების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. მილიციის თანამშრომლებს მობილური ტელეფონებისა და ნოუთბუქების ამოღება სურდათ, სრულდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხვები, მიწვეულები იყვნენ მოწმეები და შესაძლოა, მოქმედებები დასრულებულიყო კიდეც, მაგრამ ბრანძიასთან რამდენიმე პირი შეიჭრა შეურაცხმყოფელი შინაარსის განცხადებებით, გინებით. ერთ-ერთმა მათგანმა იარაღიც ამოიღო. შეეცადნენ მის ბლოკირებას, რა დროსაც მან გაისროლა და მოქალაქე დაჭრა. ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა მისი განიარაღება და გარეთ გაყვანა», – წერს აგრბა Telegram-არხ "RESPUBLICA"-ში.

"საპრეზიდენტო" რეზიდენციასთან (ე.წ. სახელმწიფო აგარაკთან) ღამით რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი, რომელიც შეიარაღებულ ინციდენტში დამნაშავეთა დასჯას მოითხოვდა. ოპოზიციური ორგანიზაცია "აიდგილარას" თავმჯდომარემ კან ქვარჩიამ ასლან ბჟანიასთან მოლაპარაკებების შედეგად განაცხადა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ინციდენტის მონაწილეთა მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებდა. მან მოუწოდა შეკრებილთ, დილამდე დაშლილიყვნენ.

აღსანიშნავია, რომ 2 დეკემბერს დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თანამდებობიდან გადააყენა შს "მინისტრი" დიმიტრი დბარიც, რომელიც "დაცვის სახელმწიფო სამსახურის" უფროსად დაინიშნა, დბარის პოზიცია კი მის ყოფილ მოადგილეს - რუსლან აშიბას ჩააბარეს.

დბარის გადაყენებას ოპოზიცია და ვეტერანები 30 ოქტომბრის გახმაურებული ინციდენტის შემდეგ მოითხოვდნენ, რომლის დროსაც პირადად "მინისტრმა", მისმა მოადგილეებმა და "სამინისტროს" რამდენიმე თანამშრომელმა დე ფაქტო დეპუტატი გარი კოკაია და მისი თანასოფლელები, მათ შორის ომის ინვალიდი ვეტერანები სასტიკად ცემეს.

24 ნოემბერს დბარი ესწრებოდა "პარლამენტის" სხდომას, რომელზეც "სამართალდამცველი სისტემის მწვავე კრიზისის" საკითხი განიხილებოდა. ამასთან, დე ფაქტო დეპუტატებმა ვერ დაამტკიცეს დადგენილების პროექტი, რომელიც შს "მინისტრისა" და "გენპროკურორის" გადაყენებას ითვალისწინებდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები