
პრეზიდენტი – გუგუტიანთკარზე: „გაგაფრთხილებთ, როცა გადავწყვეტ განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ საქმეს“
19/08/2019 08:07:26 კონფლიქტები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
„განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული", – განუცხადა პრეზიდენტმა მის სახლთან მყოფ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტს.
კითხვაზე, აპირებს თუ არა გუგუტიანთკარში ჩასვლას, ზურაბიშვილმა განაცხადა:
"ყველაფრის შესახებ გაგაფრთხილებთ... გადავწყვეტ ან განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ საქმეს... ვიცი და ამაზე ვმუშაობ. სერიოზულად მუშაობს მთავრობა და მეც ვარ ჩართული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის: გუგუტიანთკარში ოკუპანტები დღესაც გამოჩნდნენ. მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.
ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოს კი მავთულხლართების მონტაჟი კვლავ გაგრძელდა. ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა.