საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

08-12-2021 12:38:53 საზოგადოება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (AGECF) მმართველი საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

AGECF დღეს, 19:30 საათზე სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ამერიკულ გამოცემა Foreign Policy-სთან ერთად პირველ ღონისძიებას მართავს.

შეხვედრას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი 2021 წლის აგვისტოში დაფუძნდა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) რეგიონული ოფისის გახსნას თბილისში და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (FTA) გაფორმებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.

ფონდის მმართველი საბჭოს/გამგეობის შემადგენლობაში არიან:

  • მეთ კენედი – Converge-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. მუშაობდა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში ვაჭრობის, ფინანსთა დეპარტამენტებში და თეთრ სახლში;
  • სტუარტ აკერლი – ადვოკატი ვაშინგტონში და Statera Capital-ის დირექტორი იყო ახლად შექმნილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პირველი ხელმძღვანელი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე და უფროსი მრჩეველი;
  • ქალებ ჩარლზ მაკკარი – ამერიკის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი. იგი მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ;
  • დიმიტრი ცქიტიშვილი – საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი;
  • ლევან ავალიშვილი- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანადამფუძნებელი და პროგრამების ხელმძღვანელი;
  • ირინა ლორთქიფანიძე – აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება კანონის უზენაესობის, სასამართლო და იურიდიული პროფესიის რეფორმების, ადამიანის და ქალთა უფლებების საკითხებზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის და გაეროს პროექტების ფარგლებში.

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2018-2019 წლებში იკავებდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები