კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ომბუდსმენს მიმართავს შეისწავლოს ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები

08-12-2021 16:49:36 საზოგადოება

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" სახალხო დამცველს მიმართავს, შეისწავლოს ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები.

ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე.

„ეს [8 დეკემბერს კულტურის სამინისტროში ბრიფინგი] არ არის პირველი შემთხვევა, როცა კულტურის სამინისტრო მედიასაშუალებების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენს. 2021 წლის 22 ნოემბერს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე. ასევე არ მიიწვიეს მედიის ნაწილი. 2021 წლის 11 ნოემბერის იდენტური ფორმით შეიზღუდა ჟურნალისტთა უფლებები იუსტიციის სამინისტროს მიერ. მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს“, – აცხადებენ კოალიციაში.

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს კულტურის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

„ამასთანავე, კოალიცია მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველ პირს, რათა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში:

შეისწავლოს ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია;

მოამზადოს და შესაბამის დაწესებულებებს / პირებს გაუგზავნოს ზოგადი წინადადებები დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე“, – აცხადებენ კოალიციაში.

კოალიცია “მედიის ადვოკატრებისთვის” მზადაა, წარმოადგინოს ჟურნალისტების და მედიაორგანიზაციების ინტერესები სადავო საკითხის განხილვისას.

დღეს კულტურის სამინისტროში მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგი ჩაატარა. ადგილზე გასაშუქებლად მისული "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი შენობაში არ შეუშვეს.

მოგვიანებით თეა წულუკიანს „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ ბლოკავს მის ბრიფინგებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, პასუხად კი წულუკიანმა ჟურნალისტებს „აღვირახსნილები“ უწოდა. კულტურის მინისტრის ბრიფინგზე ჟურნალისტების არდაშვების პირველი შემთხვევა არ არის. 22 ნოემბერს სამინისტროში ბრიფინგზე არ დაუშვეს “TV პირველის” და “მთავარი არხის” ჟურნალისტები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები