"თბილისი პრაიდი" პარლამენტს 5 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს

08-12-2021 17:08:42 საზოგადოება

"თბილისი პრაიდი" საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, 5 ივლისის მოვლენებზე დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნან და ყველა სხვა საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებით, ხელი შეუშალონ საქართველოში ღიად ძალადობრივი და ანტი-სახელმწიფოებრივი ძალების გაძლიერებას.

"როგორც ცნობილი გახდა, საჯარო რეესტრმა ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი ჯგუფი “ალტ-ინფო” პოლიტიკურ პარტიად დაარეგისტრირა. შეგახსენებთ, რომ “ალტ-ინფო” 5 ივლისს მომხდარი ჰომოფობიით მოტივირებული ძალადობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია. ორგანიზებული ძალადობის შედეგად, ქვიარ ადამიანებს შეგვეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები, დაშავდა ათობით ჟურნალისტი, და რაც ყველაზე ტრაგიკულია, გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ “ალტ-ინფო” ღიად აცხადებს თავისი პრორუსული ორიენტაციის შესახებ. “ალტ-ინფოს” ლიდერების ამბობენ, რომ "საქართველოს არ აქვს არანაირი ევროპული მომავალი" და რომ "არ ღირს ოკუპაციის დემონიზება". საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მათ წარმოუდგენიათ რუსეთთან დიალოგით, და მიესალმებიან რუსეთის სამხედრო ბაზებს საქართველოში. ასევე, “ალტ-ინფოს” ღია მხარდამჭერია კრემლთან დაახლოებული რუსი ულტრანაციონალისტი ფიგურა, ალექსანდრ დუგინი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ალტ-ინფო” საქართველოში რუსეთის იმპერიული ინტერესების ერთ-ერთი სახეა.

“ალტ-ინფო” აცხადებს, რომ მათი მიზანია ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, თუმცა ისინი თავად წარმოადგენენ საფრთხეს საქართველოსთვის - ერთი მხრივ, როგორც ულტრამემარჯვენე ძალადობრივ-ექსტრემისტული ჯგუფი და მეორე მხრივ, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ “ალტ-ინფოს” მიმართ სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და ინსტიტუტების მიერ გატარებული პოლიტიკა - ულტრამემარჯვენე რადიკალიზაციისა და ძალადობრივის ექსტრემიზმის პრევენციის პოლიტიკის არარსებობა, მათი დანაშაულების დაუსჯელობა, ძალადობის ირიბი წახალისება, და ბოლოს, მათი პარტიად რეგისტრაცია - არის უდიდესი ჩავარდნა როგორც ადამიანის უფლებების, ასევე უსაფრთხოების სფეროში.

“ალტ-ინფოს” ლიდერებმა არაერთი სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, თუმცა სახელმწიფო უწყებები მათ არ სჯიან, რადგან თავად არიან 5 ივლისის ძალადობის თანაორგანიზატორები. Სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, შექმნან დროებითი საგამოძიებო კომისია 5 ივლისის მოვლენებზე და ამავდროულად, ყველა სხვა საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებით, ხელი შეუშალონ საქართველოში ღიად ძალადობრივი და ანტი-სახელმწიფოებრივი ძალების გაძლიერებას.

ჩვენ არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღსადგენად", – ნათქვამია "თბილისი პრაიდის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები