"ვუთხარი პუტინს, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში, თუმცა რუსულ აგრესიას ისეთი ეკონომიკური შედეგი მოჰყვება, როგორიც მას არასდროს უნახავს"

08-12-2021 22:28:24 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი მკაცრად გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთისთვის შედეგები გამანადგურებელი იქნება.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ვაშინგტონი უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნის საკითხს არ განიხილავს.

"ვუთხარი, ბატონ პუტინს, რომ აშშ არ გაგზავნის ამერიკელ ჯარისკაცებს უკრაინაში. ეს საკითხი არ განიხილება. ჩვენ გვაქვს მორალური და სამართლებრივი ვალდებულება ნატო–ს მოკავშირეების წინაშე და თუ მათ თავს დაესხნენ მე-5 მუხლი ამოქმედდება. ეს წმინდა ვალდებულებაა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება უკრაინაზე. თუმცა მკაფიოდ ვუთხარი, თუ ის შეიჭრება უკრაინაში, ამას მოჰყვება სერიოზული შედეგები, მძიმე შედეგები. ისეთი ეკონომიკური შედეგი, როგორიც მას არასდროს უნახავს. მან მიპასუხა, რომ გაიგო ჩემი ნათქვამი", – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, მან პუტინი ნატო–ს აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირე ქვეყნებში ამერიკული წარმოდგენილობის გაძლიერების თაობაზეც გააფრთხილა:

"მე ვთქვი, რომ შესაძლოა, გავაძლიეროთ ჩვენი წარმოდგენილობა ნატო–ს ქვეყნებში აღმოსავლეთ ფლანგზე, რათა აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირეებს ერთგულება დავუდასტუროთ".

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, ნატო-ს მოკავშირეებთან და რუსეთთან ერთად შეხვედრის შესაძლებლობა განიხილება:

"ვიმედოვნებ, უახლოეს დღეებში განვაცხადებ დიპლომატიური პროცესის დაწყების თაობაზე რუსეთთან და ნატო–ს სხვა მოკავშირეებთან, რომლის ძალისხმევა მიმართული იქნება რეგიონში დაძაბულობის შემცირებისკენ. ვიმედოვნებ, 10 დეკემბრისთვის შევძლებთ, გითხრათ, რომ გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები რუსეთს, აშშ–ისა და სულ მცირე, ნატო–ს ოთხ მთავარ მოკავშირესთან, რათა განვიხილოთ რუსეთის შეშფოთება ნატო–ს სამომავლო გაფართოების საკითხთან დაკავშირებით და ასევე განვიხილოთ, შეგვიძლია თუ არა რაიმე რეგულირების შემუშავება, როდესაც საქმე ეხება ტემპერატურის დაწევას აღმოსავლეთ ფრონტზე".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები