რუსეთი: "3+3" პლატფორმის კარი საქართველოსთვის ღიად რჩება"
10/12/2021 15:06:06 პოლიტიკა
რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები დაინტერესებულები არიან იმით, რომ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატ "3+3"-ს საქართველოც შეუერთდეს. ამის შესახებ პლატფორმის მუშაობისთვის მოსამზადებელი პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
«ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა დაინტერესება გამოხატეს პლატფორმასთან საქართველოს მიერთებით, რომლისთვისაც კარი ღიად რჩება», – ნათქვამია პირველი შეხვედრის შემაჯამებელ განცხადებაში.
მოსკოვის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა "შემდგომი მუშაობის გეგმები და ნაბიჯები სამომავლოდ პროფილური სამინისტროებისა და უწყებების შესაძლო ჩართვით».
«სხდომის ფარგლებში განვიხილეთ მრავალდონიანი რეგიონული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. მიღწეულია შეთანხმება, პლატფორმის მუშაობა ფოკუსირდეს იმ პრაქტიკულ საკითხებზე, რომლებიც ყველა მონაწილე ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს. მათ შორისაა ნდობის ამაღლების, საერთო საფრთხეებისა და გამოწვევებისთვის წინააღმდეგობის ერთობლივად გაწევის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთქმედების საკითხები», – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: 9 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ოფიციალური თბილისი ხსენებულ პლატფორმაში ჩართულობას არ განიხილავს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3+3 რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე. ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და შესაბამისად 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი“,– განუცხადეს „აქცენტს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში 9 დეკემბერს.
რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განსავითარებლად "ექვსთა პლატფორმის" (თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, საქართველ, სომხეთი) შექმნის აუცილებლობის თაობაზე, რომელსაც ბევრი ექსპერტი რეგიონიდან დასავლეთის განდევნის მცდელობად განიხილავს, გასული წლის დეკემბერში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინიციატივას მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანის, ირანის და რუსეთის ლიდერებმა. თბილისში კი აცხადებენ, რომ საქართველო რუსეთთან ერთობლივ ვერავითარ ფორმატში ვერ ჩაებმება, სანამ რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რაც შეეხება სომხეთს, როგორც ამასწინათ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, "სომხური მხარე შეიძლება, დაინტერესებული იყოს "3+3" ფორმატით, თუ გამოიკვეთება, რომ მის ფარგლებში არ იქნება განხილული საკითხები, რომლებსაც ერევანი სხვა ფორმატებში განიხილავს" და თქვა ისიც, რომ წინასწარ სხდომაზე ოფიციალური ერევნის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილნი.
მიუხედავად მსგავსი სამზადისისა, კონფლიქტოლოგთა ნაწილი ფორმატს „მკვდრადშობილს“ უწოდებს პოტენციურ მონაწლეთა აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესების გამო.


