
ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით მოსკოვი ბერლინს "საპასუხო ზომებით" დაემუქრა
16/12/2021 21:41:58 პოლიტიკა, სამართალი
რუსეთი 2019 წელს ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ჩეჩნეთის ომში ყოფილ საველე მეთაურ ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე გერმანული სასამართლოს გადაწყვეტილებას "კატეგორიულად არ ეთანხმება". მოსკოვისთვის მოსამართლეთა დასკვნები და ფორმულირებები მიუღებელია, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
ცნობისთვის: ბერლინის სასამართლოს მოსამართლეებმა გაიზიარეს ბრალდების მხარის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვმა ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით განახორციელა. კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ამასთანავე, გერმანია ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით ორ რუს დიპლომატს აძევებს.
როგორც ამასთან დაკავშირებით დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, "ამან არ უნდა იმოქმედოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და გერმანიის ახალ კანცლერს ოლაფ შოლცს შორის დიალოგის ჩამოყალიბების პერსპექტივებზე".
ბერლინის სასამართლოს განაჩენს რუსეთის საგარეო უწყებაც გამოეხმაურა. ლავროვის უწყებამ მკვლელობასთან რუსეთის სახელმწიფო ორგანოების კავშირის შესახებ ბრალდებები "კატეგორიულად უარყო" და მათ "სრულიად უსაფუძვლო, რეალობას მოწყვეტილი" უწოდა, თავად ხანგოშვილს კი - "ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ტერორისტული ბანდფორმირებების ერთ-ერთი ლიდერი".
"რუსეთი ღრმადაა იმედგაცრუებული გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ორი რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე. ბერლინში ეჭვი არ უნდა ეპარებოდეთ, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს», – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
ცალკე კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელმაც ხანგოშვილის საქმე "პოლიტიზირებულად" მოიხსენია.
«საქმე, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიზირებულია, კანონიერებისა და სამართლისგან სრულიად მოწყვეტილი. ვფიქრობ, ღირს, კიდევ ერთხელ გადაიკითხონ რუსეთის ბრალდებული მოქალაქის ადვოკატის განცხადება - და ყველაფერი ნათელი გახდება», – განაცხადა ზახაროვამ YouTube-არხ «Соловьев Live»-ის ეთერში საუბრისას.