ჟენევისა და პრაღის ფორმატების მონაწილეებს პარლამენტში დახურულ კარს მიღმა უსმენენ
21/12/2021 10:37:19 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ლაშა დარსალიასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დახურულ სხდომაზე უსმენენ.
დარსალიამ, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ხელმძღვანელობს სამთავრობო დელეგაციას, სხდომის დახურულ კარს მიღმა გაგრძელებამდე განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ჟენევის ფორმატის მიზანი ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებაა, თუმცა დღევანდელი რეალობა ის არის, რომ შესრულებულია ერთადერთი პუნქტი, რომელიც საქართველოს ვალდებულებებს ეხება, რუსეთი კი კვლავ ცდილობს, თავი აარიდოს შეთანხმების შესრულებას:
„უფრო მეტიც შეიძლება, ითქვას, მაქსიმალურად არის მცდელობა ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესში, რომ არათუ შესრულებაზე ვისაუბროთ, არამედ საერთოდ, განხილვაც კი, ხშირ შემთხვევაში, იყოს ასე ვთქვათ, დახუნძლული მოლაპარაკებათა პროცესის სხვადასხვა საკითხით, რომელიც პირდაპირ შეიძლება არც კი იყოს ნაწილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების“. კონკრეტულად რა საკითხებია ეს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს საკომიტეტო მოსმენის დახურული ფორმატით გაგრძელებამდე არ უთქვამს.
მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული მძიმე ვითარება გამოიყენოს ზეწოლის ინსტრუმენტად, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს:
"იქ [ ოკუპირებულ ტერიტორიებზე] არსებული ვითარება რეალურად კიდევ უფრო დამძიმებულია იმ პოლიტიკის გატარებით, რომლის მიზანია ჰუმანიტარული საკითხებით და ადამიანის უფლებათა თემატიკით ვაჭრობა გამოყენებულ იქნას როგორც დამატებითი ზეწოლა, როგორც უშუალოდ მოლაპარაკებათა პროცესებში, ისე მთლიანად საქართველოს ხელისუფლებაზე, რაც კიდევ უფრო ართულებს კონკრეტული ამოცანების მიღწევას“.
დარსალიამ საქართველოზე ზეწოლის გაძლიერების მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი უწოდა ე.წ. ბორდერიზაციას, მოქალაქეთა უკანონოდ დაკავებას და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები, "პრაქტიკულად არიან მძევლები და მათ პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად იყენებენ".
სხდომის დახურული რეჟიმით გაგრძელებამდე ზურაბ აბაშიძემ „პრაღის ფორმატით“ რუსეთთან არაფორმალური დიალოგის შედეგებზე ისაუბრა. 2012 წლიდან ამ ფორმატის ფარგლებში განიხილება ვაჭრობის, სატრანსპორტო კავშირების და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები.
აბაშიძემ ერთ-ერთ შედეგად დაასახელა რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის აღდგენა. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, 2012-2020 წლებში რუსეთის ბაზარზე გავიდა 2.5 მილიარდი აშშ დოლარის პროდუქცია, 2021 წლის ათი თვის მონაცემებით კი, წინა წელთან შედარებით, 22%-ით გაზრდილია სავაჭრო ბრუნვა.
„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული მაღალი ტემპერატურის გარკვეული დოზით შემცირება და ორივე მხარისათვის მისაღებ საკითხებზე დიალოგის წარმოება, ჩვენი აზრით, იყო ხელშემწყობი ფაქტორი ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა“, - განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის შესახებ საქართველოს მუდმივი კონსულტაციები აქვს დასავლელ პარტნიორებთან - აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლებთან და ხდება მათი ინფორმირება:
„ჩვენ თავიდანვე ხაზს ვუსვამდით იმას, რომ სავაჭრო-სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში წინგადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, არ უნდა შეიქმნას ილუზიები და გადაჭარბებული მოლოდინები ამ ფორმატთან დაკავშირებით“.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის სექტემბრიდან მას შემდეგ შეწყვიტა, რაც აგვისტოს ომის დასრულებიდან მალევე რუსეთმა აღიარა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა.


