თურქული მედია - კადიროვის წინააღმდეგ

22-12-2021 15:17:04 კავკასია

თურქული მედია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის - რამზან კადიროვის ამასწინანდელ უტიფარ მიმართვას გამოეხმაურა.

კადიროვმა თურქეთი "ბანდიტებისა და ნაძირლებისთვის თავშესაფრის მინიჭებაში" დაადანაშაულა და ანკარას "საპასუხო ზომებით" დაემუქრა, მათ შორის - ერთ-ერთი თურქული ქალაქის სკვერში ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პირველი პრეზიდენტის (1991-1996 წ.წ.) - ჯოჰარ დუდაევის ძეგლის გახსნის გამო.

იხილეთ ასევე: მოსკოვი თურქეთში ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის - დუდაევის ძეგლის დადგმას აპროტესტებს

"კადიროვმა ჯოჰარ დუდაევი "ტერორისტად" მოიხსენია და ფაქტობრივად თავს დაესხა თურქეთსა და პრეზიდენტ ერდოღანს სოცქსელში თავისი გვერდის საშუალებით", - წერს გამოცემა Sozcu.

"რუსეთთან აფილირებულმა კადიროვმა თურქეთის რესპუბლიკაზე თავდასხმა განახორციელა და ამისთვის საბაბად ქალაქ ქოჯაელიში ჯოჰარ დუდაევის სახელობის პარკის გახსნის ფაქტი გამოიყენა. დუდაევი თურქეთის ჭეშმარიტი მეგობარი იყო, თავის დროზე მან ჩვენს ქვეყანას "ისლამური სამყაროს იმედის იალქანი" უწოდა", - აღნიშნავს გაზეთი YeniŞafak.

"დაადანაშაულა რა თურქეთი "ტერორისტების მფარველობაში", კადიროვი "საპასუხო ზომებით" დაგვემუქრა, მათ შორის - ჩეჩნეთში აბდულა ოჯალანის სახელობის პარკის გახსნით", - წერს გაზეთი Cumhuriyet.

ცნობისთვის: აბდულა ოჯალანი - ქურთების მუშათა პარტიის დამფუძნებელი, ამჟამად თურქეთში სამუდამო პატიმრობას იხდის.

ოფიციალური ანკარა კადიროვის კრიტიკას ჯერ არ გამოჰხმაურებია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები