რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო
24/12/2021 17:05:38 პოლიტიკა
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა“ (GIP) შეიმუშავა საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI), რომელიც ქვეყანის საქმიანობას მმართველობის ოთხ ფართო კატეგორიაში აფასებს.
აღნიშნული ოთხი მიმართულებაა:
- დემოკრატია და ადამიანის უფლებები (დემოკრატიული მმართველობა),
- სახელმწიფოებრიობა და სახელმწიფო ინსტიტუტები (ეფექტიანი მმართველობა),
- სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა (სოციალურ-ეკონომიკური მმართველობა),
- საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (საგარეო მმართველობა).
თავად შეფასებითი სისტემა 40 ექსპერტის გამოკითხვას ეფუძნება.
უნდა აღინიშოს, რომ ანალიზი 2021 წელს საქართველოს არასახარბიელო მდგომარეობას აჩვენებს: ქვეყანა 100-ქულიან შკალაზე მმართველობის ხსენებული ოთხი მიმართულებდან ვერც ერთ მიმართულებაში ვერ აგროვებს 50 ქულასაც კი.
რა გამოიკვეთა
- დემოკრატიული მმართველობა, ინდექსის თანახმად, უსუსტესი რგოლია. ის 100-დან მხოლოდ 22.5 ქულით შეფასდა;
- მართლმსაჯულების უზრუნველყოფა და განუხორციელებელი სასამართლო რეფორმა ექსპერტთა გამოკითხვისა და GIP-ის ინდექსის ანალიტიკოსთა გუნდის მიერ ყველაზე პრობლემურ მიმართულებებად შეფასდა (7.5 და 2.5 ქულა 100-დან);
- ინდექსის თანახმად, ეფექტიანი მმართველობა კიდევ ერთი პრობლემური კატეგორია აღმოჩნდა, რომელსაც 100–დან 27.5 ქულა მიენიჭა: „დემოკრატიული მმართველობის შემდეგ, მთავარ გამოწვევებს შორისაა არაფორმალური მმართველობა, პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალაუფლებაზე სახელმწიფოს მონოპოლიის გაუვრცელებლობა ყველა სოციალური სეგმენტის და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“;
- საქართველოს საქმიანობა სოციალური და ეკონომიკური მმართველობის კუთხით 100-დან 32.5 ქულით შეფასდა. ავტორების შეფასებით, სახელმწიფო ხელისუფლებას არ გააჩნია ყოვლისმომცველი გრძელვადიანი სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, სოციალური ინკლუზია და შრომის ბაზარი. არასაკმარისი ყურადღება ეთმობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ექსპორტის დივერსიფიკაციას. სახელმწიფო მართვის ორგანოების და პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში პოლიტიკური მოსაზრებები და საარჩევნო კამპანიები დომინირებს;.
- საგარეო მმართველობის ვალსაზრისით ქვეყანამ 100–დან 45 ქულა მიიღო, შესაბამისად, სხვა მიმართულებებთან შედარებთ, ამ კუთხით უკეთ გამოიყურება, თუმცა ინდექსის თანახმად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გამოწვევების წინაშეა: „დემოკრატიასთან დაკავშირებით არსებულმა პრობლემებმა და შიდაპოლიტიკურმა კრიზისებმა უარყოფითად იმოქმედა საქართველოს ურთიერთობებზე ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და საფრთხე შეუქმნა საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს“. სწორედ ამიტომ, ისინი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ნდობის აღდგენის აუცილებლობაზე მიუთითებენ.
ყურადღება გამახვილებულია „3+3“ ფორმატზეც, რომელიც ახალ მნიშვნელოვან საფრთხედაა დანახული:
„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და შიდაპოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგისთვის უმთავრეს საგარეო გამოწვევად რუსეთი რჩება. უფრო სისტემური მიდგომაა საჭირო რუსეთიდან მომავალი საფრთხეების, მათ შორის, დეზინფორმაციის და ჰიბრიდული ომის მიმართ. რუსეთის მონაწილეობით ახალმა რეგიონულმა ინიციატივებმა, როგორიცაა 3+3 ფორმატი, 2021 წელს კიდევ ერთი პოტენციური რეგიონული რისკი წარმოშვა საქართველოსთვის“.
რეგიონულ წარმატებადაა შეფასებული საქართველოს დიპლომატია მთიანი ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობის დროს და მისი დასრულების შემდეგ, მათ შორის, რთული ნეიტრალური ბალანსის შენარჩუნება ორ მეზობელ ქვეყანას შორის და ტყვეთა გაცვლაში მედიაცია. ასევე დადებითად შეფასდა ახალი სამხედრო შეთანხმება აშშ-თან, თუმცა ავტორები მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა 2022 წლისთვის იქნება ქვეყნის დაზიანებული იმიჯის აღდგენა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში:
„ამის მისაღწევად აუცილებელია დემოკრატიული რეფორმების გაძლიერება და ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დაძლევა“.


