ეკატერინე ტიკარაძე – პანდემიის მართვაზე: "იყო ბულინგი"
26/12/2021 16:25:33 პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ანგარიში წარუდგინა, რომლის ნაწილი პანდემიის მართვას შეეხებოდა. ტიკარაძემ, რომელმაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ მიმდინარე თვეში ამცნო საზოგადოებას, ისაუბრა როგორც ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებსა და პრობლემებზე, ისე მისი მინისტრობისას განხორციელებულ პროექტებზე.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ სამინისტროს თითოეული თანამშრომელი ძალიან ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი.
"საქართველოში კორონავირუსის მართვის პირველი გამოწვევა იყო მზაობა. რამდენად დროულად მოვემზადეთ თუ არ მოვემზადეთ. ამასთან მიმართებაშიც ნამდვილად არავინ გვინდობდა. თუმცა ახლა უკვე მაქვს უფლება ვთქვა, რომ ჩემი მოლოდინი ყოველთვის რატომღაც ის იყო, რომ ყველა, საზოგადოებაც მათ შორის, იქნებოდა გაცილებით უფრო დამნდობი და პარტნიორული, ვიდრე ისეთი, რასაც ჩვენ ვხედავდით, ვინაიდან სამინისტროს თითოეული თანამშრომელი ძალიან ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი და ამას არ აკლებდნენ არც ბატონ პაატას, არც ბატონ ამირანს, ქალბატონი თამარიც ხშირად იყო მსხვერპლი. ბატონი თენგიზი არ არის სამინისტროს თანამშრომელი მაგრამ ყველაზე მეტად ბატონი თენგიზი იყოს სამინისტროს თანამშრომელი, ვინაიდან მთელი ამ პანდემიის პერიოდში ის არის იმ დროშის მატარებელი, რასაც პაციენტის დაცვა ჰქვია და არ ერიდებოდნენ არც მის ასაკს, არც მის სტატუსს, არც მის კვალიფიკაციას და იცით, თუ რა გვაქვს გამოვლილი" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძემ საქმიანობის შეჯამებისას ისაუბრა ცვლილებებზე, რომელიც მისი მინისტრობის დროს განხორციელდა:
"ჯანდაცვის სისტემისთვის საჭიროა მეტი მოქნილობა, ამ მიზნით ჩვენ გადავწყვიტეთ ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურა უნდა შეცვლილიყო, ვინაიდან ეფექტურ პოლიტიკას ესაჭიროება ეფექტური მენეჯმენტი და ეფექტურ მენეჯმენტს ესაჭიროება სწორად დალაგებული პროცესები. სწორად დალაგებული პროცესის და სტრუქტურულად სწორად დალაგებული უწყებების გარეშე ვერ ვისაუბრებთ ეფექტურობაზე - ამ მიმართულებით ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები, თითოეული სიპი გახდა უფრო ავტონომიური, იქ იყო ნაკლები პოლიტიკა და მეტი განხორციელების და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საშუალება, რაც მნიშვნელოვნად აისახა ჩვენი მოქალაქეების საჭიროება და ჩვენ უკეთ მივიტანეთ ყველა სერვისი მოქალაქეებთან და გვქონდა სწრაფი რეაგირება მოქალაქეების საჭიროებებზე".
მიღწევებზე საუბრისას ტიკარაძემ თქვა, რომ მისი მმართველობის დროს შეიქმნა 7 სიპი, თანამშრომელთა ანაზღაურება გაიზარდა, მომზადდა რეფორმა, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღოს სამედიცინო სერვისები, დაიწყო მუშაობა სოციალურ კოდექსზე და ასევე, გათანაბრდა თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო სერვისები, ამუშავდა კოვიდსაწოლების პლატფორმა და უფრო ხელმისაწვდომი გახდა მკურნალობა ონკოლოგიური პაციენტებისთვის.
მისი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ 2019 წლიდან დაიწყო სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების რეფორმა. აღნიშნული მიზნების ეფექტურად განხორციელების მიზნით, კი 2020 წლის თებერვალში შეიქმნა „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“:
„სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის შედეგად მის მართვაში არსებული სახელმწიფო საწოლფონდი პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 022 საწოლიდან გაიზარდა 2 000-მდე. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში შემავალმა კლინიკებმა სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაუწია 257 893 პაციენტს. ასევე, ჰოლდინგის კლინიკებში მკურნალობა გაიარა 105 249 COVID პაციენტმა. ჰოლდინგი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას მის მართვაში არსებული დაწესებულებების განვითარებისთვის, რისთვისაც უახლოეს პერიოდში დაგეგმილია არაერთი მასშტაბური ღონისძიება“.
ჯანდაცვის მინისტრმა ტელემედიცინის სერვისებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე არამხოლოდ ფინანსურ, არამედ ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტელემედიცინის სისტემების დანერგვა.
„ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, უკვე განხორციელდა რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების აღჭურვა ტელემედიცინის 50 აპარატით, რომლებიც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მათი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებში ისარგებლონ ციფრული ჯანდაცვის შესაძლებლობებით. დამატებითი 50 ამბულატორია ტელემედიცინის პროექტს შემოუერთდება ევროკავშირის გრანტის ფარგლებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
გამოწვევებზე საუბრისას ტიკარაძემ, სპეციალისტების დეფიციტი, დაბალი ანაზღაურება და პროფესიაში ხანდაზმულების მაღალი კონცენტრაცია მთავარ პრობლემებად გამოჰყო.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს სერიოზული დეფიციტი რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგების და ტენდენცია ისიც, რომ კვალიფიციური ექიმები რამდენიმე ადგილას მუშაობს ერთდროულად.
"არსებული სტატისტიკით 2 ადგილას მუშაობს ექიმების 42%, 12% - ოთხ სხვადასხვა ადგილას", – განაცხადა ტიკარაძემ.
ტიკარაძემ პრობლემებს შორის განიხილა ისიც, რომ ექიმების დიდი ნაწილი 60 წელს გადაცილებულია.
მან მოხსენებისას ისაუბრა პრობლემურ საკითხებზეც, რომელზეც შეთანხმება, მისი თქმით, მარტივი არ ყოფილა. მაგალითად, მან დაასახელა საველე ჰოსპიტალის გახსნის გადაწყვეტილება, თუმცა იგი საბოლოოდ დადებითად აფასებს მის ფუნქციონირებას, "იქიდან გამომდინარე, რომ საველე ჰოსპიტალების ყველა საწოლი აღჭურვილი იყო ჟანგბადით და ის წარმოადგენდა არა მხოლოდ პაციენტების დაყოვნების ადგილს, არამედ სრული სამედიცინო დახმარების გაწევის სივრცესაც".
როგორც მან აღნიშნა, რთული იყო ოჯახის ექიმების დარწმუნება იმაში, რომ ისინი გადამზადების შემდეგ შეძლებდნენ კოვიდ-პაციენტების მართვას. ყოფილი მინისტრის შეფასებით, ექიმების გადამზადება, რომელიც დაახლოებით მედიკოსების 75%-მა გაიარა პანდემიისას, ეფექტური აღმოჩნდა. კიდევ ერთი სირთულე, რაზეც ტიკარაძემ ილაპარაკა, ინფრასტრუქტურა იყო. მისი თქმით, რუხისა და ბათუმის კლინიკები პანდემიის დასაწყისში მხოლოდ შენობა იყო აპარატურისა და ექიმების გარეშე და მათი ამუშავება ექსტრემალურ პირობებში მოუწიათ.
მისი განცხადებით, "ჯანდაცვის მთავარი ამოცანა არის 2030 წლისთვის მიაღწიოს იმ თანაბარ ხელმისაწვდომობას და დაფარვას, რომელიც დათქმული არის 2030 წლისთვის და ჩვენ ამ ნაბიჯებს მივყვებოდით ნაბიჯ-ნაბიჯ".
ტიკარაძის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სექტორი პანდემიის ნებისმიერი სიდიდის ტალღას გაუძლებს:
„ჩვენ ვთვლით, Covid-ის კომპონენტში დღეს სახელმწიფოს გააჩნია სისტემური პასუხი. მრავალფუნქციური, მრავალდონიანი, სისტემური პასუხი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სიდიდის ტალღას ჯანდაცვის სექტორი გაუძლებს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ ჩვენ მოვადუნოთ ყურადღება მთავარი გამოწვევისგან და ვაქცინაციას არ შევუწყოთ ხელი, ვინაიდან გაუძლებს სექტორი, გაუძლებენ ექიმები და დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ექიმი არ გაიხდის თეთრ ხალათს და არ მიატოვებს პაციენტს საწოლთან ყურადღების გარეშე, თუმცა ყველაფერი ექიმებსაც არ შეუძლიათ და ლეტალობის არსებული მაჩვენებელი, რეალურად, დრამატულია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, რაც ყველას გვაწუხებს და ვთვლით, რომ ვაქცინაცია შემდეგი თვეების და დღეების მთავარი სლოგანი, გამოწვევა და დასაძლევი მიზანი უნდა გახდეს“.
იგი დადებითად აფასებს პროტოკოლებს, კოვიდ-სასტუმროების პრაქტიკას და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს. განსაკუთრებით გამოყო ფილტვის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის რეაბილიტაციის კურსი, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და რომლის ფარგლებშიც კოვიდ–გადატანილი პაციენტები აბასთუმანში ორი კვირის შემდეგ გადიან რეაბილიტაციას.
ტიკარაძის თქმით, "ჰოსპიტალურმა სექტორმა შეძლო და რთული ტალღები მართა".
ამასთან, მან დაანონსა, რომ 2022 წლიდან "კოვიდის" სამკურნალოდ საქართველოში შემოვა ანტივირუსული მედიკამენტები.


