Accentnews.ge
რას ამბობს გერმანიის საელჩო  აფხაზურ "არჩევნებზე" გერმანელი დამკვირვებლების შესახებ

რას ამბობს გერმანიის საელჩო აფხაზურ "არჩევნებზე" გერმანელი დამკვირვებლების შესახებ

23/08/2019 10:20:38 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

25 აგვისტოსთვის დაგეგმილ დე ფაქტო საპრეზიდენტო  არჩევნებზე დაკვირვების მიზნით აფხაზეთში პირველად ჩავლენ დეპუტატები გერმანიიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან და ჩინეთიდან, - ირწმუნება აფხაზური ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევონ გალუსტიანი.

"ამ არჩევნებმა შესაძლოა, რეკორდი მოხსნას საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობის თვალსაზრისით. ჩვენთან პირველად ჩამოვლენ დეპუტატები გერმანიის ბუნდესტაგიდან, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან, რიგი კოლეგები ევროპის ქვეყნებიდან. ახლა ჩამოდიან დეპუტატები ევროპარლამენტიდან. ეს ძალზე მნიშვნელოვანია აფხაზეთის  შესახებ სიმართლის მსოფლიომდე მისატანად", - განუცხადა “რია ნოვოსტის” გალუსტიანმა.

მისივე განმარტებით, უცხოელი დამკვირვებლების მიზიდვა ამასწინათ ჩამოყალიბებული საერთაშორისო საპარლამენტო მოძრაობის - “აფხაზეთის მეგობრების ლიგის” მეშვეობით მოხერხდა.

გარდა ამისა, დე ფაქტო ვიცე-სპიკერის განცხადებით, 22 აგვისტოს აფხაზეთში “მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებმა” დაიწყეს  ჩასვლა. ამ კონტექსტში მან რუსეთი, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, ოკუპირებული ყირიმი და ცხინვალის რეგიონი დაასახელა, განსაკუთრებული აქცენტი კი იმაზე გააკეთა, რომ რუსულ დელეგაციას “აფხაზეთის დიდი მეგობარი” კონსტანტინე ზატულინი უხელმძღვანელებს. 

“გარდა ამისა, აფხაზეთში ჩამოვლენ  რუსეთისა და ბელორუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს პარლამენტის, ასევე ყარაბაღისა და დნესტრისპირეთის წარმომადგენლები” - დასძინა გალუსტიანმა.

იმის გასარკვევად, გეგმავენ თუ არა გერმანელი პარლამენტარები დამკვირვებლებად აფხაზურ "არჩევნებზე" ჩასვლას, „აქცენტმა“ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიმართა. დიპლომატიური უწყება მხოლოდ ამ მოკლეკომენტარით შემოიფარგლა:

„საელჩო არ ფლობს ინფორმაციას გერმანელი პარლამენტარების აფხაზეთში დაგეგმილი ვიზიტების შესახებ“.

გერმანიის საელჩოსგან განსხვავებით, აღნიშნულ საკითხზე ვრცელი კომენტარი მოგვცეს ევროპარლამენტმა, სადაც ამბობენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას არც ამჯერად აპირებენ და არც მომავალში. 

„აფხაზეთში დაგეგმილ "არჩევნებს" არც ევროპარლამენტი, არც მისი ცალკეული ოფიციალური პირები და ამა თუ იმ ორგანოების (მათ შორის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა კომიტეტი და დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფი (DEG) წარმომადგენლები აკვირდებიან და არც სამომავლოდ ვაპირებთ, მსგავს „არჩევნებს“ დავაკვირდეთ”, – განუცხადეს „აქცენტს“ ევროპარლამენტის პრეს–სამსახურში. 

მისივე ცნობით, თუ რომელიმე ევროპარლამენტარი ოკუპირებულ რეგიონს დე ფაქტო არჩევნების პერიოდში ეწვევა და რაიმე კომენტარს გააკეთებს, ამას ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციასთან საერთო არაფერი ექნება. 

„იმ შემთხვევაში, თუ ევროპარლამენტის რომელიმე დეპუტატი გადაწყვეტს, იმოგზაუროს აფხაზეთში ამ პერიოდში და/ან გააკეთოს საჯარო კომენტარი იქ მიმდინარე მოვლენებზე, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მისი პერსონალური გადაწყვეტილება და არანაირად არა ევროპარლამენტის ან ევროკავშირის პოზიციის გამომხატველი“, – აცხადებენ ევროპარლამენტის პრეს–სამსახურში. 

კითხვაზე, რა შეზღუდვები შესაძლოა, დაუწესედეს ევროპარლამენტარს ევროკავშირისგან ან მისი რომელიმე ოფიციალური სტრუქტურისგან, თუ იგი ოკუპირებულ რეგიონში ჩავა და იქ მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს გააკეთებს, ევროპარლამენტის პრეს–სამსახურში შემდეგს აცხადებენ: 

„ამ შემთხვევაში არსებობს მთელი რიგი მოქმედებები, რომლებიც შესაძლოა, განხორციელდეს, მაგრამ ეს დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე. გადაწყვეტილებას საპასუხო მოქმედებების შესახებ მიიღებენ პოლიტიკური ჯგუფები და არა ევროპარლამენტის ადმინისტრაცია. ეს ზომები მოიცავს ფართო სპექტრს - გაფრთხილებიდან ევროპარლამენტარის გარიცხვამდე. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S