მოსამართლემ ჯაფარიძე და ხაზარაძე სასჯელისგან გაათავისუფლა

12-01-2022 10:57:48 სამართალი

მოსამართლე გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძეს ბრალი გადაუკვალიფიცირა - დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში, გაუსაზღვრა 7–წლიანი პატიმრობა, თუმცა სასჯელისგან საქმის ხანდაზმულობის გამო გაათავისუფლა.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მის შემთხვევაშიც ბრალი გადაკვალიფიცირდა და ის სასჯელისგან გათავისუფლდა ხანდაზმულობის გამო.

ანალოგიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული ავთანდილ წერეთელთან დაკავშირებითაც.

გადაწყვეტილება – უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირება მიუღებელია სამივე პირისთვის.

"ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რასაც სჩადიოდა პროკურატურა ამ წლების განმავლობაში, რადგან დანაშაულის ნიშანწყალი არ ყოფილა",– განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ მოსამართლის გადაწყვეტილების შეფასებისას, რომელსაც თვალს პარტიის ოფისიდან ადევნებდა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

პროკურორი ირწმუნება, რომ მოსამართლემ ბრალდების მხარს ყველა მტკიცებულება გაიზიარა და "უბრალოდ მუხლი გადააკვალიფიცირა", მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებაში თაღლითობაზეა საუბარი და არა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე, რასაც ბრალდება ედავებოდა ბრალდებულებს.

პროკურორი ამბობს, რომ გასაჩივრების თაობაზე გადაწყვეტილება სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ იქნება მიღებული.

„გადაწყვეტილება იყო ბრალდების მხარისთვის სახის შენარჩუნება. კიდევ უფრო უცნაურია, რომ თავად პროკურატურას თაღლითობასთან დაკავშირებით საქმის არაღძვრის დადგენილება აქვს გამოტანილი. სამარლებრივად კიდევ ფრო უცნაურია, რომ საქმეში დაზარალებული არ არის – თაღლითობა ის მუხლია, რომელსაც დაზარალებული სჭირდება, ვინც მოაზრება დაზარალებულად, ის აცხადებს, რომ დაზარალებული არ არის. ამიტომ, ეს განაჩენი ამ ფორმითაც კი თავს ვერ დაიკავებს შემდგომ ინსტანციებში და ეს საბოლოო ჯამში გამართლებით დამთავრდება“,– განაცხადა ადოკატმა მამუკა კორძაძემ.

ადვოკატ კახა წერეთლის შეფასებით, მოსამართლემ იპოვა გამოსავალი, რაც დაცვის მხარისთვის მიუღებელია:

„სამართალი არ უნდა ეძებდეს გამოსავალს, სამართალი უნდა იყოს სამართლიანი, შესაბამისად, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა გამამართლებელი განაჩენი“.

იხილეთ ასევე: ჯაფარიძე, ხაზარაძე და წერეთელი სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებენ

TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებათ.

ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებდა.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე სებ-მა TBC ბანკი 2008 წელს დააჯარიმა, რაც ბანკს სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები