"ომიკრონის" მიმართ ტესტები ნაკლებად მგრძნობიარეა" – რას ურჩევს ცერცვაძე სიმპტომებიან მოალაქეებს

14-01-2022 11:33:42 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ტესტებს ომიკრონ შტამის გამოვლენა უჭირს, რის გამოც სიმპტომების მქონე მოქალაქეები უნდა მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდ–დადებითები.

​როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, თუ მოქალაქეს ნეგატიური ტესტის მიუხედავად აქვს სიმპტომები, მან 8 დღე უნდა გაატაროს იზოლაციაში, ხოლო შემდგომი 5 დღე ინტენსიურად ატაროს პირბადე.

"ომიკრონის" მიმართ კიდევ უფრო ნაკლებმგრძნობიარეა არსებული ტესტები, ვიდრე "დელტა" შტამის მიმართ, განსაკუთრებით სწრაფი ტესტები და განსაკუთრებით პირველ დღეს, როცა ვირუსის კონცენტრაცია ორგანიზმში მაღალი არ არის. შესაძლებელია, რომ ტესტმა განსაკუთრებით სწრაფმა ტესტმა, ვირუსი ვერ დააფიქსიროს. PCR-ის შემთხვევაში ამის ალბათობა გაცილებით ნაკლებია. ამიტომ პაციენტებს ურჩევენ, რომ ტესტირება სიმპტომების გამოჩენიდან მეორე დღეს მოახდინონ და არა პირველივე დღეს. თუმცა, არის პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც ტესტი დადებითს ვერც მეორე და მესამე დღეს უჩვენებს, მაგრამ კოვიდის ჩვენებები არის. ამიტომ, ასეთ პაციენტებს ვურჩევთ, რომ მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდიანები და ექიმებსაც მივმართავ, რომ მოექცნენ მათ ისე, როგორც კოვიდიანებს. ამით არაფერს დაკარგავს არც პაციენტი, არც ექიმი, თუ მას არ ექნება კოვიდი და მოვექცევით როგორც კოვიდიანს. ისინი უნდა დარჩნენ სახლში, იყვნენ იზოლაციაში თუ სიმპტომები აქვთ 8 დღე და შემდეგ კიდევ 5 დღე ატარონ პირბადე. თუ დამძიმდება პაციენტი და ჰოსპიტალში წაიყვანენ, თუნდაც კოვიდი არ ჰქონდეს, მერე რა? ამითაც არაფერი შავდება, პირიქით, თუ ჩვენ ასეთ პაციენტს სერიოზულად არ ჩავთვლით, ვეტყვით, რომ მისი ტესტის პასუხი უარყოფითია და არ იფიქრო კოვიდზე, აქ შეიძლება, დაზარალდეს პაციენტიც და შესაძლებელია დამძიმდეს კიდეც", - განაცხადა ცერცვაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები