
"ხიდი" დროებით იხურება
14/01/2022 12:48:14 საზოგადოება
"ბასიანის" მსგავსად, კლუბი "ხიდიც" კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიებების გამართვას დროებით წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კლუბი ავრცელებს.
"ამაღამ [14 იანვარს] კლუბში KHIDI ზამთრის უკანასკნელი საკლუბო ღამე გაიმართება. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, რომელშიც კლუბების წვლილი მინიმალურია, არ გვაძლევს თავაწეულად და სრულფასოვნად ფუნქციონირების საშუალებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
იმის მიუხედავად, რომ კლუბში დაცული იყო კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, მათ გახსნას მთავრობა მაინც ეწინააღმდეგებოდა.
"22 თვიანი უმძიმესი პაუზის შემდეგ, მხოლოდ სამი კვირის მანძილზე შევძელით მუშაობა, ისიც უდიდესი წნეხის ფონზე... ყველაფრის მიუხედავად, დანარჩენ კლუბებთან ერთად მივიღეთ უმძიმესი, დახურვის გადაწყვეტილება", - აცხადებენ კლუბში.
მათივე თქმით, მათი ეს გადაწყვეტილება ყველაზე მძიმე ელექტრონული მუსიკის სფეროს პროფესიონალებსა და რიგით თანამშრომლებს დააწვებათ, რომლებიც უმუშევრად და შესაბამისად, შემოსავლის გარეშე რჩებიან.
"ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს კვირებში პიკს მიღწეული ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად დაიწყებს უკუსვლას და ჩვენ არაუგვიანეს მარტის დასაწყისისა კვლავ გავხსნით კლუბის კარს და აღარ დავკეტავთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
გუშინ, 13 იანვარს განცხადება გაავრცელა კლუბმა "ბასიანი". იმ განცხადებაშიც კლუბის დახურვის იმავე მიზეზებზე იყო საუბარი.