
რუსეთ–უკრაინის კრიზისი: ბრიტანეთმა უკრაინას თავდაცვითი იარაღი გადასცა, გზავნის სამხედროთა ჯგუფსაც
18/01/2022 09:39:59 მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ნატო–რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას მოკლე რადიუსის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გადასცა.
აღჭურვილობის პირველი ნაწილი ქვეყანაში 17 იანვარს გაიგზავნა,– იუწყება BBC.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის ბენ უოლასის განცხადებით, ადგილობრივი ჯარისკაცების გადამზადების მიზნით, უკრაინაში სამხედროთა მცირე ჯგუფიც გაემგზავრება:
„უკრაინას აქვს ყველა უფლება, დაიცვას მისი საზღვრები და ეს ახალი დახმარების პაკეტი ზრდის მის თავდაცვის უნარს. მეტი სიცხადისთვის დავაზუსტებ: ეს დახმარება მოიცავს მოკლე მანძილზე და ცხადად თავდაცვით აღჭურვილობას. ეს არაა სტრატეგიული იარაღი და რუსეთისთვის არანაირ საფრთხეს არ ქმნის. ეს აღჭურვილობა თავდაცვისთვის გამოიყენება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ბენ უოლასმა ასევე აღნიშნა, რომ შიში, რუსი სამხედროების შეჭრის შესახებ ლეგიტიმურია და ნამდვილად ქმნის შეშფოთების საფუძველს.
ბენ უოლასმა იმედი გამოთქვა, რომ კრიზისი დიპლომატიური გზებით მოგვარდება, თუმცა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი პუტინის გადასაწყვეტია, დიალოგს აირჩევს თუ კონფლიქტს, "რომელსაც აუცილებლად მოჰყვება შედეგები".
დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი დამატებითი აღჭურვილობისა და სამხედრო დანაყოფების გაგზავნის შესახებ მეგობარი ქვეყნის გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა მისი თქმით, ამ დრომდე უდიდესი პრობლემად ის რჩება, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არაა:
„ჩვენ გვსურდა NATO-ში ყოფნა. ახლა ჩვენ ევროპაში ყველაზე დიდი ჯარის წინაშე ვდგავართ“.
იხილეთ ასევე: კანადამ უკრაინაში სპეცრაზმი გაგზავნა
აშშ: "რუსეთი ამზადებს პროვოკაციას, რათა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის საბაბი შექმნას"