აშშ-ის სახელმწიფო მდივანი19 იანვარს კიევში ჩავა

18-01-2022 20:57:01 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 19 იანვარს კიევში ჩავა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს მოლაპარაკებებს უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ შექმნილი კრიზისის ფონზე.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, ბლინკენი ზელენსკის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება, რათა „კვლავ დაადასტუროს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა“, შემდეგ კი ის გაემგზავრება ბერლინში, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან.

პრაისის თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ გაიმართება მოლაპარაკებები ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან, რომლების დროსაც განიხილავენ „ერთობლივ ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად,“ მათ შორის „მოკავშირეთა მზადყოფნას, რუსეთს სერიოზული შედეგებითა და მკაცრი ეკონომიკური საფასურით აზღვევინონ.“

ბლინკენის „მოგზაურობა და კონსულტაციები ნაწილია დიპლომატიური ძალისხმევისა, რომლის მიზანია რუსეთის მიერ სამხედრო ძალების თავმოყრისა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო წარმოშობილი დაძაბულობის დეესკალაცია,“ განაცხადა პრაისმა.

შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ თუკი რუსეთი, რომელსაც ათიათასობით ჯარისკაცი ჰყავს თავმოყრილი უკრაინის საზღვართან, სამხედრო იერიშს დაიწყებს თავისი მეზობლის წინააღმდეგ, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვა მოსკოვისთვის.

მზარდი შეფოთების ფონზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გერმანიის ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ პირველად ჩავიდა ვიზიტით მოსკოვში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო უკრაინის გარშემო ვითარება.

როგორც ბერბოკმა მოლაპარაკებების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინის საზღვართან რუსეთის 100 ათასზე მეტი ჯარისკაცის კონცენტრირება დიდ შეშფოთებას იწვევს.

მისი თქმით, ჯარები თავმოყრილია რაიმე ცხადი მიზეზის გამო და „ძნელია, ეს არ იქნეს მიჩნეული მუქარად“.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მზად არის, განაგრძოს რუსეთთან მოლაპარაკებები უსაფრთხოების საკითხებზე.

ბერბოკმა არაერთხელ ახსენა „საერთო ევროპული სახლი“, რომლის ნაწილიც არის რუსეთი და აღნიშნა, რომ ევროპაში უნდა მოქმედებდეს საერთო წესები, კერძოდ - უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მან ამ წესების დარღვევის მაგალითად დაასახელა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმე და რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ დახურვის თაობაზე.

საპასუხოდ ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი „ვერ მიიღებს რაიმე მოთხოვნებს, რომლებიც ეხება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ჩვენს საკუთარ მიწაზე“.

ლავროვმა ასევე მოუწოდა გერმანიას, გავლენა იქონიოს უკრაინაზე მინსკის შეთანხმებების შესრულების საქმეში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსკოვში ჩავიდა „დოკუმენტების მსუქანი საქაღალდით“, ვინაიდან რუსეთსა და გერმანიას ბევრი აქვთ განსახილველი - საქმე ეხება როგორც ფუნდამენტურ წინააღმდეგობებს, ისევე სფეროებს, რომლებშიც ერთობლივად შეიძლება მუშაობა. კერძოდ, ნახსენები იყო კლიმატი.

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ შესახებ შეკითხვაზე პასუხად ბერბოკმა აღნიშნა, რომ თუკი ენერგეტიკა „იარაღად“ იქნება გამოყენებული, ეს შეიძლება, პროექტის ბედზე აისახოს.

გუშინ ბერბოკი ესტუმრა კიევს, სადაც უკრაინას დახმარებას დაჰპირდა რუსეთის მხრიდან კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის პირობებში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები