"ძნელია, რუსეთის ქმედება არ იქნეს მიჩნეული მუქარად" – გერმანიის პირველი დიპლომატი კიევის შემდეგ მოსკოვში ჩავიდა

18-01-2022 21:20:21 მსოფლიო

კიევში ვიზიტის შედეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მოსკოვში ჩავიდა. ეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია რუსეთში ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ.

თავის რუს კოლეგასთან მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო უკრაინის გარშემო ვითარება.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის ასი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მობილიზებულია უკრაინის სიახლოვეს და ეს ხდება კონკრეტული მიზეზის გარეშე. ძალიან რთულია, ეს მუქარად არ იქნეს მიჩნეული. ჩემი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ რა შეიძლება, მოიმოქმედოს ევროკავშირმა, დიდმა შვიდეულმა და ნატო-მ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ძალის გამოყენების მუქარას სისრულეში მოიყვანს.

რუსეთმა მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები და ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ მზად ვართ სერიოზული დიალოგისთვის იმ ნაბიჯების გარშემო, რომლებიც განამტკიცებენ ჩვენს საერთო ევროპულ უსაფრთხოებას. ეს დიალოგი უკვე დაწყებულია. ეუთო-სა და ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში გამართული მოლაპარაკებები პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ყველა პრობლემა რომ რამდენიმე საათში ვერ გადაიჭრა, გასაკვირი არავისთვის ყოფილა“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე.

ბერბოკმა არაერთხელ ახსენა „საერთო ევროპული სახლი“, რომლის ნაწილიც არის რუსეთი და აღნიშნა, რომ ევროპაში უნდა მოქმედებდეს საერთო წესები, კერძოდ - უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მან ამ წესების დარღვევის მაგალითად დაასახელა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმე და რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ დახურვის თაობაზე.

საპასუხოდ ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი „ვერ მიიღებს რაიმე მოთხოვნებს, რომლებიც ეხება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ჩვენს საკუთარ მიწაზე“.

ლავროვმა ასევე მოუწოდა გერმანიას, გავლენა იქონიოს უკრაინაზე მინსკის შეთანხმებების შესრულების საქმეში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსკოვში ჩავიდა „დოკუმენტების მსუქანი საქაღალდით“, ვინაიდან რუსეთსა და გერმანიას ბევრი აქვთ განსახილველი - საქმე ეხება როგორც ფუნდამენტურ წინააღმდეგობებს, ისევე სფეროებს, რომლებშიც ერთობლივად შეიძლება მუშაობა. კერძოდ, ნახსენები იყო კლიმატი.

ბერბოკმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ე.წ. ნორმანდიული ფორმატის განახლება, რათა მინსკის შეთანხმების შესრულებაში წინსვლა მიღწეული იყოს. მისივე თქმით, ეს იქნებოდა ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი.

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ შესახებ შეკითხვაზე პასუხად ბერბოკმა აღნიშნა, რომ თუკი ენერგეტიკა „იარაღად“ იქნება გამოყენებული, ეს შეიძლება პროექტის ბედზე აისახოს.

აღნიშნულ პროექტზე გერმანელ დიპლომატს კიევში ვიზიტისასაც ჰკითხეს. მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, გერმანია პარტნიორებთან ერთად „შესაბამის ზომებს“ მიიღებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის წინააღმდეგ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები