„წითელმა ჯვარმა" ტყვეობაში მყოფი ქართველები მოინახულა

20-01-2022 00:02:59 საზოგადოება

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე „წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

„წითელი ჯვრის" კომიტეტში განაცხადეს, რომ მოინახულეს მამუკა ჩხიკვაძე, ვალერი კანიაშვილი და კახაბერ ნათაძე და მათ ოჯახებიდან გაგზავნილი წერილები გადასცეს.

ორგანიზაცია საქართველოს ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას არ ავრცელებს. მამუკა ჩხიკვაძის მეგობრებს და ნათესავებს კი ეჭვი აქვთ, რომ ის წამების მსხვერპლია

ყველა მათგანს დე ფაქტო სასამართლოს მიერ ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მათ ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებას უყენებენ.

ყოფილი ჯარისკაცის მამუკა ჩხიკვაძის გატაცების შესახებ გასული წლის 12 დეკემბერს გახდა ცნობილი.

ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, მანამდე ის ჯერ შინდისის გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ნიქოზის სასაფლაოსთან ნახეს.

14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის, რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია 4 იანვარს უნდა მიეწოდებინა, თუმცა რუსულმა მხარემ დამატებით 20 დღე ითხოვა. 20 იანვარს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე და ბოლო დროს განახლებულ „ბორდერიზაციის“ პროცესზე იმსჯელებენ.

ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 6 მოქალაქე რჩება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები