
უკრაინა რუსული აგრესიის შემთხვევაში თავს ბრიტანული და ამერიკული იარაღით დაიცავს
20/01/2022 07:52:46 ევროპა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს ნება დართო, უკრაინას ამერიკული წარმოების ანტისატანკო და საჰაერო თავდაცვითი სისტემები მიაწოდონ,– იუწყება Reuters სამ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით.
ექსპორტის კონტროლის რეგულაციების თანახმად, სწორედ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობაა საჭირო მანამ, სანამ ესა თუ ის ქვეყანა მესამე მხარეს ამერიკის მის მიერ მიწოდებულ იარაღს გადასცემს.
Reuters–ის ცნობით, ესტონეთი უკრაინას ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის, ლიეტუვა კი - სტრინგერებს - საჰაერო თავდაცვის რაკეტებს.
ინფორმაცია, რომ აშშ-ის მთავრობამ ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს და დიდ ბრიტანეთს ნება დართო, უკრაინას იარაღი გადასცენ, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმაც დაადასტურა, თუმცა, მას იარაღის სახეობა არ დაუკონკრეტებია.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვითი იარაღი უკრაინას ბრიტანეთმაც მიაწოდა.
იარაღის მიწოდებაზე უკრაინის უსაფრთხოების გარშემო რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის ფონზე კიევში ვიზიტით მყოფმა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმაც ისაუბრა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
უკანასკნელ დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდა დასავლეთის ქვეყნების შეშფოთება რუსეთის შესაძლო სამხედრო ინტერვენციის თაობაზე, მას მერე, რაც უკრაინის საზღვართან გამაგრდა რუსეთის სამხედრო დაჯგუფება და ჯერჯერობით უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები ჟენევასა და ბრიუსელში.
პარასკევს ჟენევაში გაიმართება აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ მოსკოვი არ ემზადება უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის.