ტყვეობაში მყოფ ყოფილ ქართველ ჯარისკაცს „ბრალი“ დაუმძიმეს

20-01-2022 17:46:41 კონფლიქტები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი მრავალსაათიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

როგორც დაანონსებული იყო, განხილვის მთავარ თემას ცხინვალში, უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ბედი გახლდათ, თუმცა ოსურ მხარეს მათთან დაკავშირებით კონკრეტული არაფერი წარმოუდგენიათ, გარდა განცხადებისა, რომ „პროცედურები“ მიმდინარეობს“.

„ეს საკითხი იმთავითვე იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კონტროლზე და ეს ჩართულობა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა, ვინაიდან, ისინი უკანონო პატიმები გახლავან და ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული მათგანი არ დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს. რა თქმა უნდა, კიდევ არის გარკვეული სამუშაო ვერსიები, რაზეც გარკვეული მოსაზრებების გამო აქ ვე ვისაუბრებ“,– განაცხადა სუს–ის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ.

რაც შეეხება ტყვეობაში მყოფი ყოფილი ქართველი სამხედროს მამუკა ჩხიკვაძეს, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ მას ოსური მხარე გარდა „საზღვრის“ უკანონო კვეთისა, ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდას ედავება.

„ამის შესახებ დღეს განაცხადეს შეხვედრაზე“,– განაცხადა ანთიძემ.

ამასთან, აქტუალურ საკითხს წარმოადგენს ჩხიკვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან მის მეგობრებისა ინფორმაციით, ის წამების მსხვერპლია.

„ეს საკითხი [ჩხიკვაძის] საგანგებოდ იქნა დასმული და მოვითხოვენ განმარტებები მის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ოფიციალურად განაცხადეს, რომ არ არსებობს საფუძველი, რათა მის მიმართ გამოყენებულ იქნას რაიმე ტიპის ფიზიკური ზემოქმედება და გამორიცხეს ასეთის ალბათობა. ანალოგიური ინფორმაციას ვიღებდით „ცხელი ხაზის“ მეშვეობითაც. აქ არის ერთი მომენტი: „ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაცია, მით უმეტეს შეხვედრაზე გაზიარებული ინფორმაცია არ ზიარდება მხოლოდ ჩვენს შორის, მათ ესწრებიან საერთაშორისო პარტნიორები და ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომია, შესაბამისად, არის ნაკლები ალბათობა, რომ ეს ინფორმაცია შეესაბამებოდეს სინამდილეს“,– განაცხადა ანთიძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, წარმოადგინა თუ არა ოსურმა მხარემ მტკიცებულება დასტურად იმისა, რომ ჩხიკვაძე არაა წამების მსხვერპლი, ანთიძემ უპასუხა:

„მათ ეს განაცხადეს ოფიციალურ შეხვედრაზე. „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმაც ინახულეს [ჩხიკვაძე]. ამ ეტაპზე არ არის იმის მტკიცების საფუძველი, რომ მის მიმართ ფიზიკური ზემოქმედება იქნეა გამოყენებული“.

ცნობისთვის: „წითელმა ჯვარმა“ ტყვეობაში მყოფი სამი ქართველი მოინახულა, მათ შორის – ჩხიკვაძე, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ორგანიზაცია არ საუბრობს.

ამჟამად ტყვეობაში საქართველოს 6 მოქალაქე რჩება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები