"კრემლმა გაკვეთილი ვერ ისწავლა" – ბრიტანელმა მინისტრმა რუსეთის დანაშაულებების კონტექსტში ჩეჩნეთი ახსენა

21-01-2022 11:53:54 ევროპა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში ნებისმიერი ტიპის შეჭრა მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

ტრასმა სიდნეიში ვიზიტისას უკრაინაში არსებულ დაძაბულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და უკრაინის კონფლიქტი ფართო კონტექსტში - ლიბერალურ და ავტოკრატიულ ქვეყნებს შორის უთანხმოების ნაწილად განიხილა:

„პუტინს მოვუწოდებ, თავი შეიკავოს და უკრაინიდან უკან დაიხიოს ვიდრე დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს! კრემლმა ისტორიისგან გაკვეთილი ვერ ისწავლა. შეჭრა მხოლოდ საშინელ ჭაობსა და მსხვერპლს მოიტანს, რაც უკვე ვნახეთ ჩეჩნეთში საბჭოთა კავშირსა და ავღანეთს შორის ომში.

გვინდა, რომ ყველამ აიმაღლოს ხმა! ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გავაგრძელებთ უკრაინასთან დგომას და რუსეთს დეესკალაციასა და შინაარსიან დისკუსიებში მონაწილეობას ვაიძულებთ. რაც აღმოსავლეთ ევროპაში ხდება, მსოფლიოსაც ეხება.

ავტოკრატიების ამგვარი წაქეზება ჩვენ ცივი ომის შემდეგ არ გვინახავს. მათ დიქტატურის, როგორც სერვისის სამყაროს გარშემო გავრცელება სურთ. ამიტომაც მიიჩნევენ ისეთი რეჟიმები, როგორიცაა ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა და მიანმარი ყველაზე ახლო მოკავშირეებად მოსკოვსა და პეკინს“ - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედროები ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზ მორიგი სამედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 1990-იანი წლების პირველ ნახევარში, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, თითქმის ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობები წარმოიშვა. მათ შორის ეროვნული მოძრაობები წარმოიშვა სხვადასხვა რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალ ავტონომიურ ერთეულებში. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩეჩნეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა იყო. მოძრაობის სათავეში სამხედროები აღმოჩნდნენ. ჯოხარ დუდაევი, რომელიც მოგვიანებით დამოუკიდებელი ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი გახდა, საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალი იყო.

1994 წლის პირველ დეკემბერს რუსეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჩეჩნეთში სამხედრო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო. პირველმა ჩეჩნურმა ომმა წელიწადი და 9 თვე გასტანა. რუსეთმა ამ ჯერზე ვერ მოახერხა ჩეჩნეთის დაპყრობა.

პირველი ომის შემდეგ, ჩეჩნეთი პრაქტიკულად დამოუკიდებელი გახდა, ეს დაადასტურა რუსეთის ხელისუფლებასთან დადებულმა ხასა-ვიურტის ზავმაც. ზავის შინაარსით წყდებოდა საომარი ვითარება, ჩეჩნეთისთვის სტატუსის მინიჭება კი ორი წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო.

1999 წელს ვოლგოდონსკში საცხოვრებელი სახლების აფეთქებას 300 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რაც პუტინმა ჩეჩნებს დაუკავშირა და მოგვიანებით ჩეჩნეთის მეორე კამპანიის დაწყების საბაბად აქცია. 1999 წლის პირველ ოქტომბერს ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო. რუსეთის არმიამ გამოიყენა თითქმის ყველა ტიპის შეიარაღება. როგორც წესი, შეტევებს რეგიონის მშვიდობიან მაცხოვრებლები ეწირებოდნენ.

საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ გროზნო სრულად განადგურდა. ქალაქში პრაქტიკულად არ გადარჩა არც ერთი შენობა. 2003 წელს გროზნომ მსოფლიოს ყველაზე გაჩანაგებული ქალაქის სტატუსი მიიღო. ათასობით მსხვერპლი და დევნილი – ასეთია ჩეჩნეთის მეორე ომის შედეგები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები