"არა ბოლშევიკურ წმენდას!" - კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართა

21-01-2022 15:34:58 საზოგადოება

რეორგანიზაციის შედეგად 10-ობით მეცნიერს თანამდებობა დაატოვებინეს, რაც დღეს კულტურის სამინისტროსთან აქციით გააპროტესტეს, სამინისტროს გადაწყვეტილებას კი "ბოლშევიკურ წმენდა" უწოდეს.

"დღევანდელი აქცია არის ერთგვარი სოლიდარობა იმ გათავისუფლებული ადამიანების მიმართ, რომლებიც სრულიად უკანონოდ, მათი გამოხატვის თავისუფლების, მათი მოსაზრების თუ შეხედულების გამო იყვნენ გათავისუფლებული და ამას ვამბობ იმიტომ, რომ გათავისუფლებულთაგან 8 ადამიანი არის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ პეტიციებზე ხელმომწერი. ეს არის ტერორი, ეს არის დევნა - მეტი არაფერი, რეორგანიზაცია მარტო ქაღალდზე ჰქვია ამ ყველაფერს. სინამდვილეში ეს არის არასასურველი კადრებისგან სისტემის გაწმენდა", - ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე სულხან სალაძე.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეასა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში რეორგანიზაცია 2021 წლის 6 დეკემბერს დაიწყო და ახალი საშტატო განრიგის დამტკიცებით დასრულდა. ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ რეორგანიზაციის დაწყების წინ მათ ხელი მოაწერინეს იმაზე, რომ ინფორმირებულები იყვნენ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.

რეორგანიზაციის შედეგად, მუზეუმთა ჯგუფში 175-დან 146-მდე შემცირდა საშტატო პოზიციები. მათ, ვინც სამსახურიდან არ გაათავისუფლეს, რეორგანიზაციის შედეგად, ხელფასები გაეზრდებათ.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს რეორგანიზაციის შედეგად სააგენტოში 17 სამსახურის ნაცვლად დარჩა 11, დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა და სააგენტოს საშტატო ნუსხას დაემატა 17 ოსტატის პოზიცია (ქვითხურო, ხითხურო, კირითხურო, სახურავთა ოსტატი, მჭედელ-ზეინკალი და ხარატი).

რეორგანიზაციის შედეგად სააგენტოდან გათავისუფლებულ მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სამოქალაქო პოზიციების გამო დაითხოვეს ისინი სამსახურიდან მინისტრის ბრძანებით.

კულტურის სამინისტრო, მას შემდეგ რაც 2021 წლის გაზაფხულზე ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა და მისი მინისტრი თეა წულუკიანი გახდა, ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი უწყებაა, რომელიც არც საზოგადოებას და არც მედიას არ აძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას, პრესცენტრი არ პასუხობს ჟურნალისტებს სატელეფონო ზარებს და წერილებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები